სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან "მეოთხე მუხლის" კონსულტაციები დაასრულა

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან "მეოთხე მუხლის" კონსულტაციები დაასრულა

22 სექტემბერი, 2021

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 21 სექტემბერი, 2021: ამა წლის15 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთან შეთანხმების მეოთხე მუხლის მიხედვით მიმდინარე კონსულტაციები დაასრულა.1 წელს ზემოაღნიშნულ კონსულტაციებს ასევე ერთვოდა საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის მიგნებების (Financial Sector Assessment Program (FSAP)) განხილვაც. 2

COVID-19 კრიზისმა საქართველოს ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. პანდემიის მართვის აუცილებლობით განპირობებულმა შიდამობილობის შეზღუდვამ და ტურიზმის შენელებამ 2020 წელს, 1990 - იანი წლების შემდეგ, ეკონომიკის ყველაზე დიდი, 6.2 პროცენტიანი, შემცირება გამოიწვია. სიღარიბე და უმუშევრობაც გაიზარდა, რამაცბოლო წლებში ამმიმართულებით მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანწილად შეაბრუნა. ხელისუფლებამ სათანადო რეაგირება მოახდინა ჯანდაცვის გაძლიერებითა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევით, რასაც დონორების მოცულობითმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო. COVID-19 - ის შემთხვევების რიცხვი აგვისტოში მკვეთრად გაიზარდა, შემდგომ კი კლება დაიწყო, ხოლო ვაქცინაცია დაჩქარდა.

ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი დაჩქარდა და 2021 წელს 7.7 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი. ეს მაჩვენებელი წინა პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატება და ნიშნავს, რომ წელს ეკონომიკა 2019 წლის დონეს გადააჭარბებს. ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მძლავრმა ზრდამ, ასევე ტურიზმის მოსალოდნელზე სწრაფად აღდგენის ადრეულმა ნიშნებმა ეკონომიკის აღდგენას ხელი შეუწყო და, ასევე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის, 2020 წლის მაღალ დონესთან შედარებით, შემცირებას დაეხმარება. აგვისტოში წლიური ინფლაცია 12.8 პროცენტამდე გაიზარდა, რაც დიდწილად კომუნალური გადასახადების მატებას, სასაქონლო და სურსათის ჯგუფების ფასების ზრდასა და ნედლეულზე გაზრდილ ხარჯებს ასახავს. თუმცა მოსალოდნელია, რომ 2022 წელს, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, ინფლაცია სწრაფად შემცირდება.

მნიშვნელოვანი რისკები კვლავ ნარჩუნდებადა ეკონომიკის პერსპექტივას ჩვეულებრივზე მეტად გაურკვეველს ხდის. რისკებს შორის მთავარია COVID-19-ის ახალი შტამები და ვაქცინაციის შეფერხებები, რამაც შეიძლება ეკონომიკის გამოჯანმრთელებას ხელი შეუშალოს ახალი შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების საჭიროებით ან საგარეო მოთხოვნის შემცირებით.

ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამამ (FSAP) დაადგინა, რომ ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებულმა მარეგულირებელმა რეფორმებმა, ასევე, COVID-19 შოკის შემდგომ განხორციელებულმა პოლიტიკამ ფინანსური სექტორის მდგრადობას ხელი შეუწყო, მათ შორის, პანდემიამდე არსებული ძლიერი საბანკო კაპიტალის, ლიკვიდურობის ბუფერებისა და მომგებიანობის დახმარებით.

ხელისუფლების ხელთ არსებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ჩამონათვალი ფართოა და მოიცავს ზომებს მაღალი დოლარიზაციის ძირითადი რისკის აღმოსაფხვრელად. მაღალი დოლარიზაცია მონეტარული პოლიტიკის წარმართვას ართულებს და საქართველოში ბანკებს გაცვლითი კურსის შოკის შემთხვევაში საკრედიტო რისკს უქმნის. ეს ზომები ასევე საბანკო რისკებისა და უცხოური ვალუტით დაკრედიტების სტიმულის შემცირებას ისახავს მიზნად. საშუალოვადიან პერსპექტივაში ხელისუფლებამ უნდა განიხილოს დე-დოლარიზაციის ღონისძიებების ეტაპობრივი გამკაცრება, ზომების შერჩევა და კალიბრაცია კი გავლენის შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს.

ხელისუფლება წინდახედულ საზედამხედველო მიდგომას მიჰყვება. მათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ზედამხედველობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ფინანსური უსაფრთხოების ბადის გასაძლიერებლად წინა FSAP - ის(2015 წ.) შემდეგ. ეს მოიცავს ბაზელ III - ის შემოღებას და საბანკო რეზოლუციისა და კრიზისების მართვის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფილ განახლებას. სამომავლოდ არსებობს შიდა პროცედურების ფორმალიზაციის გარკვეული შესაძლებლობა, მათ შორის ბანკების რეზოლუციისა და კრიზისების მართვისთვის.



აღმასრულებელი საბჭოს შეფასება3

აღმასრულებელი დირექტორები სსფ-ს მისიის შეფასებას დაეთანხმნენ. COVID-19 პანდემიამ ეკონომიკას დიდი ზარალი მიაყენა და დირექტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და პანდემიიდან გამოსვლისათვის ვაქცინაციის ძლიერი ტემპის შენარჩუნება აუცილებელია.

დირექტორებმა მხარი დაუჭირეს ფისკალური პოლიტიკის მიმართვას ფისკალური დეფიციტისა და ვალის შემცირებისკენ, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს ფისკალური წესით. დირექტორებმა აღნიშნეს, რომ მოსალოდნელზე უკეთესმა ეკონომიკის ზრდის ტემპმა ხელი შეუწყო ჯანდაცვის დამატებითი ხარჯების დაფინანსებას. მათ ხაზი გაუსვეს შემდგომი დამატებითი შემოსავლების დაზოგვის აუცილებლობას რისკებისგან დამცავი ბუფერის შესაქმნელად. მათ დაადასტურეს, რომ ხელისუფლება უნდა შეეცადოს გააფართოოს ფისკალური სივრცე და შეამციროს ფისკალური რისკები საგადასახადო ხარჯების გადახედვით, საგადასახადო ადმინისტრირებისა და საჯარო ინვესტიციების მენეჯმენტის გაძლიერებით და სახელმწიფო საწარმოთა მმართველობის რეფორმის წინსვლით.

 

დირექტორებმა დადებითად შეაფასეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა, რაც ინფლაციის მოლოდინების მოთოკვას უნდა დაეხმაროს. ინფლაციის რისკების გათვალისწინებით, დირექტორები, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში, განაკვეთების შემდგომ ზრდას მიესალმებიან. ისინი მხარს უჭერენ სავალუტო ინტერვენციების გონივრულად გამოყენების გაგრძელებას, რათა ბაზრის გაუმართავი მუშაობა თავიდან იქნას აცილებული, ფინანსური დოლარიზაციიდან მომდინარე რისკების გამო.

დირექტორებმა მოიწონეს საქართველოს ეროვნული ბანკის წინდახედული საზედამხედველო მიდგომა, მათ შორის წინა FSAP - ის შემდგომ პერიოდში გატარებული ფინანსური სექტორის რეფორმები და პანდემიის დროს გადამწყვეტი ქმედებები. მათ მიზანშეწონილად მიიჩნიეს შიდა საზედამხედველო პროცესების ფორმალიზება და ბანკების რისკების მართვისა და მმართველობის შეფასების გაგრძელება. მათ აღნიშნეს, რომ დე-დოლარიზაციის ღონისძიებების შემდგომი გამკაცრება ან ხელახალი კალიბრაცია, ეტაპობრივი მიდგომით, გავლენის შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს.

დირექტორები მიესალმებიან FSAP - ის დასკვნებს, რომ ბანკებს აქვთ საკმარისი კაპიტალი საბაზისო სცენარით პანდემიისგან გამოწვეული საკრედიტო ზარალის გასანეიტრალებლად და, რომ კაპიტალის დეფიციტი შესაძლო სტრესულ სცენარებში მართვადი დარჩება. ისინი შეთანხმდნენ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა წაახალისოს ბანკები, არ გაანაწილონ მიღებული მოგება მანამ, სანამ პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობები არ მინელდება და კაპიტალის ბუფერები სრულად არ აღდგება.

დირექტორებმა დადებითად შეაფასეს პროგრესი ბანკების რეზოლუციის ჩარჩოსა და კრიზისების მართვის ჩარჩოს განახლების მიმართულებით. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას დანერგონ სწრაფი მაკორექტირებელი ქმედებების ჩარჩო ბანკებისთვისდა მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ "დროებითი ბანკის" სარეზოლუციო ინსტრუმენტი.

დირექტორებმა აღნიშნეს ცენტრალური ბანკის მისწრაფება გამოუშვას ციფრული ვალუტა და მიესალმნენ ცენტრალური ბანკის გეგმას, რომ გამოშვება განხორცილდეს კონტროლირებადი ტესტირების გარემოში, რომლის დროსაც შეიძლება პოტენციური გაუთვალისწინებელი შედეგები და ეკონომიკური და მარეგულირებელი საკითხები გამოვლინდეს. მათ ასევე აღნიშნეს ფულის გათეთრების საკითხებთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებზე რეაგირების საჭიროება.

დირექტორები შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და მისი ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა სტრუქტურული რეფორმების განახლება. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას განახორციელოს ქმედებები მაღალი უმუშევრობის და უთანასწორობის დასაძლევად, მათ შორის განათლების რეფორმები, სოციალური დაცვის მიმოხილვა და შრომის ბაზარზე დასაქმების აქტიური პოლიტიკის გაძლიერება. დირექტორები მიესალმნენ გადახდისუუნარობის ახალი ჩარჩოს განხორციელებას და ხაზი გაუსვეს სტრუქტურული ფისკალური და სასამართლო რეფორმების განხორციელების საჭიროებას ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად.


შერჩეული ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები, 2019-22

 

_____________________________________

1 საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) და ქვეყნის შეთანხმების მუხლების IV მუხლის თანახმად, სსფ ატარებს ორმხრივ დისკუსიებს წევრ ქვეყნებთან, ჩვეულებრივ, ყოველ წელს. სსფ-ს გუნდი ეწვევა ქვეყანას, აგროვებს ეკონომიკურ და ფინანსურ ინფორმაციას და ოფიციალურ პირებთან განიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და პოლიტიკას. ოფისში დაბრუნებისთანავე სსფ-ს გუნდი ამზადებს ანგარიშს, რომელიც წარმოადგენს აღმასრულებელი საბჭოს განხილვის საფუძველს.

2 FSAP-ის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფასებს ფინანსური სისტემის სტაბილურობას და არა ცალკეულ ორგანიზაციებს. FSAP გვეხმარება სისტემური რისკის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირებაში და გვთავაზობს პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს შოკებისადმი გამძლეობის ზრდას.


3
დისკუსიის დასასრულს, მმართველი დირექტორი, როგორც საბჭოს თავმჯდომარე, აჯამებს აღმასრულებელი დირექტორების შეხედულებებს და ეს შეჯამება გადაეცემა ქვეყნის ხელისუფლებას. შეჯამებისას გამოყენებული ზოგი სპეციფიკური ტერმინის ახსნა შეგიძლიათ იხილოთ აქ

 

სხვა სიახლეები