ტექსპრინტი 2021
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. ამჟამად, სებ-ი მოდელირებით დაინტერესებულ პირებს ტექსპრინტზე იწვევს. ტექსპრინტი ჩატარდება ორი დღის განმავლობაში, ონლაინ ფორმატში. ტექსპრინტში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც გუნდურად ასევე ინდივიდუალურად. გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 5 წევრისაგან. გუნდების ფორმირება მოხდება 5 ნოემბერს ეროვნული ბანკის სათაო ოფისში. მონაწილეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ გუნდის წევრები. მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შემდეგ მისამართზე.
ტექსპრინტში მონაწილეობის უფლება აქვს მონაცემთა მეცნიერებს, მანქანური სწავლების ინჟინრებს და ყველას ვინც დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტით, აქვს მოდელირების გამოცდილება და უყვარს გამოწვევები.
ტექსპრინტის მიზანია შეიქმნას მაღალი სიზუსტის OCR გადაწყვეტა, რომელსაც შეეძლება განსხვავებული ფორმატის (შრიფტი, ხარისხი, სხვა ენასთან შერეული) ქართულენოვანი ოფიციალური დოკუმენტების წაკითხვა მაღალი სიზუსტით და მოცემული ჩანაწერის გარდაქმნა ციფრულ ფორმაში. მონაწილეებს შეეძლებათ მოდელის აგება ნებისმიერი გზით, ახალი მოდელის დატრენინგება, არსებულის მოდელების გადატრენინგება სპეციალურ ამოცანაზე, მონაცემების შექმნა , არსებულის გამოყენება და ა.შ. გუნდის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტა უნდა იყოს მზად გამოსაყენებლად. მოდელს უნდა ახლდეს მოკლე აღწერა, სადაც უნდა გამოჩნდეს ამოცანის გადაწყვეტის გზა.
მონაწილეები შეფასდებიან ორ კომპონენტში:
პროგნოზის სიზუსტის შეფასება მოხდება სატესტო შერჩევაზე. სატესტო მონაცემები მონაწილეებს დაურიგდებათ მოდელის განვითარების ეტაპის დასრულების შემდეგ. გუნდებს ექნებათ გარკვეული დრო სატესტო შერჩევაზე მოდელის შედეგების შესაფასებლად და შეცდომის გაანალიზებისათვის. მოდელირებისათვის გამოყენებულ მეთოდებსა და ტესტირების შედეგებს გუნდები წარადგენენ პრეზენტაციის სახით, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.
