MFC | საერთაშორისო კონფერენცია
27-29 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით, თბილისი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
MFC-ის 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის თემაა - „ცვლილებები, შოკები და გადაწყვეტები: მიკროფინანსები გეოპოლიტიკის ჩრდილში“.
კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე დიდი ღონისძიებაა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან (პოლონეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ნიდერლანდები, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, აზერბაიჯანი, გერმანია, რუმინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ლიეტუვა, გაერთიანებული საამიროები და სხვა) 400-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების, ფინანსურ სფეროს მარეგულირებლების, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისა და სოციალური ფინანსების ინოვატორი კომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანია ინკლუზიურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების განხილვა გეოპოლიტიკური და კლიმატური გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მიკრო და საოჯახო ბიზნესებსა და მოწყვლად ჯგუფებზე როგორიცაა: ქალები, ახალგაზრდები, მიგრანტები და სოფლად მცხოვრები მოსახლეობა.
წლევანდელი კონფერენცია ლარის 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, MFC-ის კონფერენცია მოიცავს ერთობლივ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. კონფერენციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა გახსნის.
MFC მიკროსაფინანსო ცენტრი არის საერთაშორისო ქსელი, რომელიც აერთიანებს 140 წევრ ორგანიზაციას 36 ქვეყნიდან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის ემსახურება 2 მილიონზე მეტ დაბალშემოსავლიან კლიენტს და მხარს უჭერს პასუხისმგებლიან, ინკლუზიურ და მდგრად ფინანსებს ადვოკატირების გზით, შესაძლებლობების გაძლიერებით, ციფრული ტრანსფორმაციით, მწვანე ფინანსებითა და ESG-ის ხელშეწყობით.
