ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „ვალუტა+“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406333579) მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრება
განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შპს „ვალუტა+“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406333579) დაჯარიმება ჯამში 5,514,000 (ხუთი მილიონ ხუთას თოთხმეტი ათასი) ლარის ოდენობით, კერძოდ:
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი აღრიცხვის ფორმის დაგვიანებით წარდგენა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №17/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 05 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 2 (ორი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 4,000 (ოთხი ათასი) ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 453 (ოთხას ორმოცდაცამეტი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 7,000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სულ 3,171,000 (სამი მილიონ ას სამოცდათერთმეტი ათასი) ლარი;
ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების გაწევის 2,267 (ორი ათას ორას სამოცდაშვიდი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 2,267,000 (ორი მილიონ ორას სამოცდაშვიდი ათასი) ლარი;
108 (ას რვა) ოპერაციის (გარიგების) შემთხვევაში გამოვლინდა კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციისთვის სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღურიცხაობის ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 54,000 (ორმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო დაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენასა და პირების გადამოწმებას სანქცია დაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 1,000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 2,000 (ორი ათასი) ლარი.