შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416297509) დაჯარიმების თაობაზე

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

    1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ წარუდგენლობის 25 (ოცდახუთი) ფაქტი, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 25 (ოცდახუთი) შემთხვევისათვის სულ - 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
    2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის 5 ოპერაციის დაგვიანებით გადაცემა, 5 სამუშაო დღემდე, 5 (ხუთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 100 (ასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 5 (ხუთი) შემთხვევისათვის სულ - 500 (ხუთასი) ლარი.
    3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის ერთი შემთხვევისათვის სულ - 2,000 (ორი ათასი) ლარი;
    4. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ 3 (სამი) კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, ანგარიშვალდებული პირის მიერ არ განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, კერძოდ გარიგებებთან მიმართებით ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. ამ პუნქტში ხსენებული დარღვევის 3 (სამი) შემთხვევისათვის სულ - 9,000 (ცხრა ათასი) ლარი;
    5. შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევა. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. რაც, ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 20,000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.

    საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 81,500 (ოთხმოცდაერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.