2023 წლის 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, ხელი მოეწერა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური განათლების ახალ ეროვნულ სტრატეგიას.
ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის ძირითად სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს. სტრატეგია პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ამოცანებს განსაზღვრავს და ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო პრაქტიკული ფორმატით თანამშრომლობას და ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ყველა სამიზნე ჯგუფის დაფარვის, მათზე მორგებული აქტივობების განხორციელებისა და ამ აქტივობების მდგრადობისა და განგრძობადობის უზრუნველყოფის გზით.