
შეხვედრა ეკონომიკის ექსპერტებთან
21 იანვარს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძისა და ეკონომიკის ექსპერტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ფასების სტაბილურობასა და ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ექსპერტებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ეროვნული ბანკი იმისათვის, რათა შეამციროს საქართველოში სასურსათო ბაზარზე საერთაშორისო ფასების ზრდით გამოწვეული ნეგატიური წნეხი.
„მიუხედავად იმისა, რომ მონეტარულად ძალიან შეზღუდულები ვართ გავლენა ვიქონიოთ გარე ფაქტორებით გამოწვეულ ფასების ზრდაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი გავანეიტრალოთ და ამის შედეგად ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე დავაბრუნოთ. ეროვნული ბანკი უკვე ექვსი თვეა გადავიდა გამკაცრების პოლიტიკაზე, ეს აისახება როგორც საპროცენტო განაკვეთში, ასევე სარეზერვო მოთხოვნებში. იანვრის თვიდან თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდა კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელიც“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
შეხვედრაზე ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ეკონომიკური ექსპერტების პოზიციებიც მოისმინა.
ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით. „ეროვნული ბანკის ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში არის აბსოლუტურად ჯანსაღი. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სწორ გზას ადგას“, - ითქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ეკონომიკის ექპერტებთან შეხვედრები საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგულარულად იმართება, ანალოგიური შეხვედრა 2010 წლის ზაფხულში გაიმართა.