სებ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის IV მუხლის რეგულარული მისიის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

სებ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის IV მუხლის რეგულარული მისიის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა

07 აპრილი, 2026

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2026 წლის IV მუხლის რეგულარულმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა როგორც ეროვნული ბანკის გუნდთან, ისე სამთავრობო გუნდთან და ბევრ სხვა დაინტერესებულ მხარესთან.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ალეხანდრო ჰაჟდენბერგის შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე.

„ამავდროულად, გლობალური გაურკვევლობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის გათვალისწინებით, პერსპექტივის მიმართ გამოწვევები იზრდება. თუ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნა, ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით. ეს ბოლო წლების გონივრული მართვის გაგრძელება იქნება“, - აღნიშნა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, საქართველო უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად, ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლით და პოლიტიკის ბუფერებით. სამომავლო პოლიტიკა უნდა მიიმართოს მაკრო-ფინანსური სტაბილურობის და დიდი შრომით მიღებული სანდოობის შენარჩუნებაზე.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სსფ-ის მისიას დადებითი შეფასებებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის კუთხით.

„სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა გონივრულია, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მაღალ ეკონომიკურ აქტივობას და გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციას. მოგეხსენებათ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო, 2025 წელს მშპ-სთან მიმართებაში 2.6% შეადგინა. ჩვენთვის, ეროვნული ბანკისთვის, ეს ნიშნავს, რომ კვლავ ხელსაყრელი პირობებია საერთაშორისო რეზერვების აკუმილირების გაგრძელებისთვის. ასევე შეინიშნება ძლიერი სავალუტო შემოდინებები სხვადასხვა, მათ შორის ვაჭრობის არხებით. სავალუტო ფონდმაც თავის მიმოხილვაში აღნიშნა, რომ გასულ წელს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და 2022 წლის შემდეგ პირველად, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს გადასცდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მან ასევე ისაუბრა ინფლაციურ მოლოდინებზე და ხაზი გაუსვა, რომ ინფლაციური მოლოდინების თვალსაზრისით, სენტიმენტები კარგად არის მართული. მისივე თქმით, ამავდროულად გასათვალისწინებელია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რამაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე, მათ შორის საქართველოს ბაზარზე მაღალი მერყეობა და ლოგისტიკური ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, რაც ფასებზე დამატებითი ზეწოლაა.


„ეს არის დამატებითი ინფლაციური შოკი, რომლის სიძლიერე დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების დასტაბილურებაზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ფრთხილი და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის ნაბიჯებით, რისთვისაც ვართ მზად“, - დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.


ნათია თურნავას თქმით, სსფ-ის მისიის ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესება იყო. მისი განმარტებით, სსფ-ის შეფასებით სებ-ის მხრიდან მმართველობის გაუმჯობესების კუთხით სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო დანარჩენზე მიდის მუშაობა.


„ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისითაც, კარგი პროგრესი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

07 აპრილი, 2026

ფოტოგალერეა

16

სხვა სიახლეები