
საქართველოში საკრედიტო პლასტიკურ ბარათებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა
პლასტიკური ბარათების ბაზარი კვლავ დინამიკურად ვითარდება. საქართველოში არსებული კომერციული ბანკებიდან მათ ემისიას 13 ბანკი ახორციელებს. ემიტირებული და მიმოქცევაში გაშვებული საბანკო პლასტიკური ბარათების რაოდენობამ მიმდინარე წლის 1-ლი ივნისისათვის 2.8 მლნ შეადგინა, რაც 1.9-ჯერ აღემატება 2007 წლის ანალოგიური თარიღისათვის არსებულ მაჩვენებელს. აქედან 89.3 პროცენტი სადებეტო ბარათებზე მოდის, ნაცვლად 97.7 პროცენტისა, შესაბამისად. ეს საკრედიტო ბარათებზე მოთხოვნის სწრაფი ზრდის შედეგია. თუ უკანასკნელ ერთ წელიწადში მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელმა 77.4 პროცენტი შეადგინა, იმავე პერიოდში საკრედიტო ბარათების რიცხვი 9.1-ჯერ გაიზარდა.
კვლავ შეინიშნება VISA ბარათის პოპულარობის მატება. მიმოქცევაში მათი რაოდენობა 78.1 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილზეა EURO CARD/MASTER CARD-ი 13.8 პროცენტით, ხოლო დანარჩენი 8.1 პროცენტი ადგილობრივ ბარათებს უჭირავს. აღსანიშნავია, რომ VISA ბარათების ხვედრითი წილი მიმოქცევაში არსებული ბარათების მთლიან ოდენობაში, ბოლო ერთი წლის მანძილზე, 11.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
სულ უფრო მატულობს საბანკო პლასტიკური ბარათებით წარმოებულ ოპერაციათა მოცულობა. რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით მიმდინარე წლის მაისში 2.4 მლნ ოპერაცია განხორციელდა, რომელთა საერთო მოცულობა, 2007 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63.2 პროცენტით გაიზარდა და 349.7 მლნ ლარი შეადგინა. ოპერაციათა საერთო ოდენობის 95.1 პროცენტი რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული ბარათებით ქვეყანაში (მათ შორის ინტერნეტით) განხორციელებულ ოპერაციებზე მოდის, 4.9 პროცენტი კი ამავე ბარათებით საზღვარგარეთ განხორციელებულ ოპერაციებზე.
მნიშვნელოვანია აგრეთვე პლასტიკური ბარათების მომსახურება, რომელიც კომერციული ბანკების კუთვნილი ბანკომატებითა და პოს-ტერმინალებით წარმოებს. საანგარიშო თვის განმავლობაში მათი საშუალებით 975.4 ათასი ოპერაცია განხორციელდა. ოპერაციების საერთო მოცულობამ კი 218.7 მლნ ლარი შეადგინა. ამ უკანასკნელიდან 88.8 პროცენტი რეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით განხორციელდა, 11.2 პროცენტი - არარეზიდენტი ბანკების მიერ ემიტირებული ბარათებით.