საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოვიდა
24 მაისი, 2007
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის ექსპერტები შეხვდებიან საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს, პარლამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილება „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ (PRGF) პროგრამის მიმდინარეობის საკითხები. მისიას ხელმძღვანელობს სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ჯონ ვეიკმან-ლინი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, სავალუტო ფონდის მისიის წევრებთან განხილვისას ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში დიდი კაპიტალური შემოდინებების საკითხი იქნება.
სავალუტო ფონდის მისიას 27 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დერექტორის მოადგილე დევიდ ოუენი შეუერთდება. ვიზიტის ფარგლებში დევიდ ოუენი საქართველოს მედიის წარმომადგენლებისათვის წაიკითხავს მოხსენებას რეგიონული ეკონომიკის განვითარების შესახებ.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯონ ვეიკმან-ლინი შემაჯამებელ ბრიფინგს მედიისათვის 1 ივნისს გამართავს.