საქართველოში ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტი ჩამოდის

საქართველოში ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტი ჩამოდის

18 მაისი, 2007
21-23 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის მოწვევით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტი ნოუთ ველინკი ჩამოდის.    „ნიდერლანდების ბანკს საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კარგი ტრადიცია აქვს. ევროპის ამ ერთ-ერთ წამყვან ცენტრალურ ბანკში არაერთმა ქართველმა სპეციალისტმა აიმაღლა კვალიფიკაცია. ჩვენთვის მეტად სასარგებლოა ნიდერლანდელი კოლეგების მხარდაჭერა. ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოში ისეთი რანგის ფინანსისტის ვიზიტი, როგორიც ნოუთ ველინკია“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   ვიზიტის პირველ დღეს დაგეგმილია ორი ქვეყნის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელთა პირისპირ შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილება საქართველოსა და ნიდერლანდების საბანკო სისტემებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები.   შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ნიდერლანდების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელები ჟურნალისტებისათვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.   ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიდერლანდების ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან.   აღსანიშნავია, რომ საქართველო გაწევრიანებულია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ე. წ. ნიდერლანდების ჯგუფში, რომელშიც ევროპისა და აზიის რეგიონის 12 სახელმწიფოა გაერთიანებული. ამდენად, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ამ ქვეყანასთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს.   ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტი ნოუთ ველინკი დაიბადა 1943 წლის 27 აგვისტოს. 1961-1968 წწ. სწავლობდა და, კვლევით საქმიანობას ეწეოდა ლეიდენის უნივერსიტეტში. 1965-1970 წლებში მუშაობდა ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროში მთავარი საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორად და მთავარ ხაზინადარად, 1982 წლის პირველი იანვრიდან ნიდერლანდების ბანკის მმართველთა საბჭოს წევრია, ხოლო 1997 წლის პირველი ივლისიდან ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტის პოსტი უკავია. ამჟამად არის ბანკების ზედამხედველობის „ბაზელის კომიტეტის“ პრეზიდენტიც.  
სხვა სიახლეები