საქართველოსა და ნიდერლანდების ეროვნული ბანკების პრეზიდენტები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და ნიდერლანდების ეროვნული ბანკების პრეზიდენტები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

22 მაისი, 2007
ნიდერლანდების ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნოუთ ველინკის საქართველოში ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან რომან გოცირიძესთან პირისპირ შეხვედრის დროს განხილული ერთ-ერთი საკითხი ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკში ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება იყო.   საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები ნიდერლანდების ბანკში ტრენინგს უკვე რამდენიმე წელია გადიან. ნიდერლანდების ბანკი ანაზღაურებს სწავლების, სემინარის მასალებისა და სასტუმროს ღირებულების ხარჯებს. სემინარები, ძირითადად, ნიდერლანდების ბანკის  ოფისში ტარდება, ხოლო მათი ნაწილი, კერძოდ, ზედამხედველობის, ბუღალტერიისა და შიდა აუდიტის  საკითხებზე კი – ნიდერლანდების ბანკის სასწავლო ცენტრში – პაუენჰოფში, რომელიც ქალაქგარეთ, ამსტერდამიდან დაახლოებით  70 კმ-ის სავალზე მდებარეობს.   სემინარის ქართველი მონაწილეები აქტიურად არის ჩაბმული დისკუსიებში, სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ასრულებენ დავალებებს, მსჯელობენ, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, რაც საბოლოო ჯამში  ეფექტურ შედეგს იძლევა.   შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ნიდერლანდების ბანკში საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები კვალიფიკაციას  როგორც მიმდინარე წელს ისე  მომავალშიც აიმაღლებენ.   საერთაშორისო სემინარების გარდა, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ნიდერლანდების ბანკს სხვა საქმიანი ურთიერთობებიც აკავშირებს. 2006 წლის ივნისში ეროვნულ ბანკში იმყოფებოდნენ ნიდერლანდების ბანკის რისკების მართვის მენეჯერები, რომლებმაც სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარეს და გაუწიეს კონსულტაციები.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მადლობა გადაუხადა ნოუთ ველინკს იმ დახმარებისათვის, რასაც ნიდერლანდების ბანკი უწევს საქართველოს ეროვნულ ბანკს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხში.   ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის სტუმრის საპატივსაცემოდ ნიდერლანდების სამეფოს ელჩის ოფიციალურ რეზიდენციაში მიღება გაიმართა.  გარდა ამისა, ნოუთ ველინკი გაეცნო თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს. ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს 23 მაისს დატოვებს.  
სხვა სიახლეები