საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2026 წელი, პირველი კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2026 წელი, პირველი კვარტალი)

30 ივნისი, 2026

რელიზი მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო (მეხუთე რედაქცია)", შესაბამისად.

2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 274.9 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 348.1 მლნ აშშ დოლარი (939.7 მლნ ლარი), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.8 პროცენტი შეადგინა. გაუმჯობესება შეინიშნება მიმდინარე ანგარიშის ოთხივე კომპონენტში.

მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.

2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის წილი მშპ-სთან მიმართებაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. უარყოფითი სალდო წლიურად 1.8 პროცენტით შემცირდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი (4.6 მლრდ ლარი) შეადგინა.  საქონლის ექსპორტი წლიურად 23.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11.4 პროცენტით გაიზარდა.

2026 წლის პირველ კვარტალში მომსახურების პროფიციტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.8 პროცენტით, 77.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 876.1 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. მომსახურების მთლიანი ექსპორტი 7.2 პროცენტით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარს (4.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტმა 2026 წლის პირველ კვარტალში 829.8 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე  0.5 პროცენტით მეტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების მაღალი ზრდა, რომელმაც 2026 წლის პირველ კვარტალში წლიურად 65.7 პროცენტი შეადგინა. შედეგად, მისი მოცულობა 441.3 მლნ აშშ დოლარს (1.2 მლრდ ლარი), მშპ-ის 4.8 პროცენტს გაუტოლდა. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 2026 წლის პირველ კვარტალში 333.4 მლნ აშშ დოლარი (899.9 მლნ. ლარი), მშპ-ს 3.6 პროცენტი შეადგინა.

2026 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -423.2 მლნ აშშ დოლარი (-1.1 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 45.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 12.0 პროცენტით შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 7.1 პროცენტით გაიზარდა და 2026 წლის პირველ კვარტალში 937.1 მლნ აშშ დოლარს (2.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 8.5 პროცენტით გაიზარდა 884.4 მლნ აშშ დოლარამდე (2.4 მლრდ ლარი).

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 160.9 მლნ აშშ დოლარი (434.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 1.8 პროცენტია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში. 

სხვა სიახლეები