საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2010 წელი, IV კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2010 წელი, IV კვარტალი)

31 მარტი, 2011

2010 წლის IV კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 374.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 58.3 პროცენტით, ხოლო 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5 პროცენტით მეტია.

საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 163.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 266.4 მლნ აშშ დოლარით, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა და 760.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 15.6 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 7.1 პროცენტით მეტი, 2009 წლის IV კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი 2010 წლის IV კვარტალში დადებითია და 146.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 449.0 მლნ აშშ დოლარია (შესაბამისად, 8.9 პროცენტით ნაკლები წინა კვარტალთან და 27.2 პროცენტით მეტი 2009 წლის ანალოგიურ კვარტალთან შდარებით), ხოლო მომსახურე¬ბის იმპორტი – 302.8 მლნ აშშ დოლარი (შესაბამისად, 6.6 პროცენტითა და 15.4 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით).

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება (134.4 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 2010 წლის IV კვარტალში წინა კვარტალ¬თან შედარებით 24.0 პროცენტით შემცირდა(სეზონურობის გამო), ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60.8 პროცენტით გაიზარდა. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (21.7 მლნ აშშ დოლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.6 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი წინა კვარტალთან შედარებით 6.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.6 პროცენტით გაიზარდა. 2010 წლის IV კვარტალში 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დადებითი ბალანსი დაფიქსირდა კავშირგაბმულობის, სხვა საქმიან, საფინანსო და სამშენებლი  მომსახურებაში, ხოლო უარყოფითი ბალანსი სადაზღვევო მომსახურებაში.

შემოსავლის ბალანსი 2010 წლის IV კვარტალში უარყოფითი იყო და 70.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 112.9 მლნ აშშ დოლარია, 4.2 პროცენტით მეტი წინა კვარტალის და 9.5 პროცენტით მეტი, 2009 წლის IV კვარტლის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 183.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტითა და 16.2 პროცენტით მეტია, შესაბამისად, წინა კვარტალთან და  გასული ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა 2010 წლის IV კვარტალში მიმდინარე ანგარიშის  ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 310.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 12.1 პროცენტით მეტია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, 334.3 მლნ აშშ დოლარი მიღე¬ბული, ხოლო 24.1 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2010 წლის IV კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა კვარტალთან შედარებით 9.3 პროცენტით, ხოლო სხვა სექტორების ტრანსფერები 12.6 პროცენტით გაიზარდა.

კაპიტალური ტრანსფერების შემოდინება 2010 წლის IV კვარტალში 85.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა და წინა კვარტალთან შედარებით 62.4 პროცენტით, ხოლო 2009 წლის IV კვარტალთან შედარებით 20.4 პროცენტით არის გაზრდილი. მათში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები საანგარიშო პერიოდში 81.0 მლნ აშშ დოლარი იყო, 66.0 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 21.0 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები 2010 წლის IV კვარტალში 115.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ნაკლებია როგორც წინა კვარტალთან (27.8 პროცენტით), ასევე 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (40.5 პროცენტით). წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება განაპირობა როგორც პირდაპირი ინვესტორებისათვის სესხის დაბრუნებამ (სხვა კაპიტალი), ასევე მათთვის სესხის მიცემამ.

სხვა ინვესტიციების დადებითმა სალდომ საანგარიშო პერიოდში 306.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა კვარტალთან შედარებით 3.3-ჯერ, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1-ჯერ გაიზარდა. სხვა ინვესტიციების აქტივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 42.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ვალდებულებები 349.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. სხვა ინვესტიციების ვალდებულებების ზრდა განაპირობა როგორც სამთავრობო სექტორის (230.8 მლნ აშშ დოლარი), ასევე ბანკების (124.7 მლნ აშშ დოლარი) მიერ გრძელვადიანი სესხის აღებამ.

სარეზერვო აქტივები 2010 წლის IV კვარტალში 173.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, უცხოური ვალუტის ზრდამ 172.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სხვა სიახლეები