საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ბანკის ბათუმის ფილიალის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ბანკის ბათუმის ფილიალის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

12 ივლისი, 2005
10 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ბანკის ბათუმის ფილიალის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. შენობის რემონტი აჭარის რევოლუციის შემდეგ დასრულდა. ბათუმის ფილიალის სახით ეროვნულმა ბანკმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების მქონე საბანკო დაწესებულება შეიძინა.   ბათუმის ფილიალის გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის რეგიონებში ვიზიტის დღის წესრიგის ბოლო ღონისძიება იყო. მანამდე მან ცენტრალური ბანკის გორის, ქუთაისისა და ფოთის ფილიალები მოინახულა. რომან გოცირიძე გაეცნო ფილიალების მიერ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელებულ ოპერაციებს, მოისმინა ინფორმაცია იმ ორგანიზაციათა ჩამონათვალსა და სპეციფიკაზე, რომელსაც ეროვნული ბანკის ფილიალები ემსახურებიან.   ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ქუთაისსა და ბათუმში განლაგებული კომერციული ბანკების ფილიალების მმართველებს და მოისმინა მათი მოსაზრებები რეგიონებში საბანკო სისტემის მდგომარეობის შესახებ.   „ჩვენი მიზანია, რეგიონებში საბანკო აქტივობის გაზრდა. რამდენიმე წლის წინ ვითარება გაცილებით საგანგაშო იყო, რადგან არსებული ფილიალები მხოლოდ საპენსიო და სხვა სოციალური ვალდებულებების მომსახურებას ახორციელებდნენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ საბანკო სექტორს არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. „საქართველო რეგიონში წამყვანი საბანკო ქვეყანა უნდა გახდეს,“ – დასძინა რომან გოცირიძემ.   ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უახლოეს მომავალში ბანკის სხვა ფილიალებს ეწვევა. აგვისტოს მეორე დეკადაში კი დაგეგმილია ბათუმში ეროვნული ბანკის საბჭოს გასვლითი სხდომის ჩატარება.   ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონული ქსელი მოიცავს ბათუმის, სოხუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ახალციხის, გორისა და გურჯაანის ფილიალებს.
სხვა სიახლეები