საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებების N1 აუქციონი გაიმართა, რომელზეც 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182 დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 8 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 18 050 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.87%-ით, მაქსიმალური 7.35%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 6.68 %–ით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღლდების ემისიას ფინანსთა სამინისტრო ეტაპობრივად უზრუნველყოფს. სახაზინო ვალდებულება ერთ წლამდე ვადის მქონე ფასიან ქაღალდს წარმოადგენს, რომელიც იყიდება დისკონტით, ანუ ნომინალზე დაბალ ფასად. მისი გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით.
სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა მრავალი ფასის მეთოდით, საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართული აუქციონის მეშვეობით ხდება. აღნიშნული პროცესი, ადრე განხორციელებულთან შედარებით, უფრო მოქნილი და ეფექტური სქემით გამოირჩევა. აუქციონში მონაწილე პირებს შეუძლიათ გააკეთონ კონკურენტული და არაკონკურენტული განაცხადები. კონკურენტული განაცხადის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარით. არაკონკურენტული განაცხადის მაქსიმალური ოდენობაა 20 000 (ოცი ათასი) ლარი.
ფასიანი ქაღალდის მფლობელისთვის, რომელიც სახაზინო ვალდებულებას ინახავს ყიდვის დღიდან მისი ვადიანობის ამოწურვამდე, შემოსავალი არის ამ ფასიანი ქაღალდის ნომინალსა და შესყიდვის ფასს შორის სხვაობის ტოლი. თუკი მფლობელი ფასიან ქაღალდს გაყიდის ვადიანობის ამოწურვამდე, ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდის ფლობიდან შემოსავალი არის მისი ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა. აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება.
სახაზინო ვალდებულებების ბაზრის არსებობა ხელს უწყობს ფინანსური ბაზრების განვითარებას, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლებას და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას. სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები ეკონომიკის სტიმულირების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებსკენ არის მიმართული.