საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

11 ნოემბერი, 2026

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 76 მომხრე და 0 წინააღმდეგი ხმით მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტს „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, ასევე მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და შესაძლო რისკები. აღნიშნული დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ინფლაციის მიმდინარე დინამიკაზე, მის გამომწვევ ფაქტორებსა და საშუალოვადიან პროგნოზებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდა, ძირითადად, საგარეო ფაქტორებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსებისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების გაძვირებით არის განპირობებული.

„ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის შედარებით ხისტი კომპონენტები, რომლებიც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდება. ოქტომბრის მდგომარეობით, საბაზო ინფლაციამ 3.9%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 4.0% შეადგინა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი განმარტებით, ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ენერგორესურსების ფასებზე. თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომავალ თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან დონეს დაუახლოვდება.  

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მიმართ ფრთხილ და მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომას ინარჩუნებს.

„სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით, პრევენციული მიზნით, 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე გავზარდეთ და ამ ეტაპზე უცვლელად ვინარჩუნებთ. თუ დავინახავთ, რომ ინფლაციური მოლოდინები და მეორე რაუნდის ეფექტები ძლიერდება, მზად ვართ პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გასამკაცრებლად. ხოლო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების კვალდაკვალ, განაკვეთის ეტაპობრივი შემცირების შესაძლებლობა გვექნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოსვლაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალია. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 7.4% შეადგინა.

“ზრდის ამგვარი სტრუქტურა ხელს უწყობს ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის გაფართოებას და ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 7.2% იქნება, ხოლო 2027 წელს ზრდის ტემპი ეტაპობრივად დაუახლოვდება გრძელვადიან დონეს და 5.5%-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, სტრუქტურული ეკონომიკური ცვლილებები დადებითად აისახება ქვეყნის საგარეო პოზიციაზეც. კერძოდ, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 2.9% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში 2.5%-მდე შემცირდა. საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ხელს უწყობს როგორც მომსახურებით, ისე საქონლით ვაჭრობის დადებითი ტენდენციები.

ნათია თურნავამ ყურადღება ასევე გაამახვილა გაცვლითი კურსის სტაბილურობასა და ლარიზაციის ზრდაზე. მისი განცხადებით, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებისა და ხელსაყრელი ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს.

“2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანი დეპოზიტების 57% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ამავე პერიოდისთვის, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 58.5% ლარშია დენომინირებული. ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაძლიერებასა და ფინანსური სისტემის სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას ემსახურება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და ხელსაყრელი ფუნდამენტური ფაქტორები საერთაშორისო რეზერვების შემდგომი ზრდისთვის საფუძველს ქმნის.

“2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში წმინდა შესყიდვების მოცულობამ უკვე გადააჭარბა გასული წლის მთლიან მაჩვენებელს და 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს, 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რეზერვების მოცულობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი ეფექტიანი მართვა და დივერსიფიკაცია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული ოქროს წილის ზრდას და სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციას აგრძელებს.

კერძოდ, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა დამატებით, ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. ოქტომბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია. ამასთან, სარეზერვო აქტივებში დაემატა ბრიტანული ფუნტი და გაიზარდა ჩინური იუანისა და ევროს აქტივების ფლობა.

ნათია თურნავამ გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება, რაც საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას გაზრდის პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.

11 ნოემბერი, 2026

ფოტოგალერეა

7

სხვა სიახლეები