
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიში დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით, ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა. ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
2018 წელს ეროვნული ბანკი აგრძელებდა საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკას. "საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთი მაღალი დოლარიზაციის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია. წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ინტერვენციები მხოლოდ შესყიდვის მიმართულებით ხორციელდებოდა და მთლიანმა შესყიდვამ 197.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ეროვნული ბანკი ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვას ახორციელებს მხოლოდ მაშინ, როდესაც გაცვლითი კურსი მყარდება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
"2018 წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მაქსიმალური ჩართულობით, აქტიურად მუშაობდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემუშავებაზე. მომზადდა ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება, რომელიც სრულად დაფუძნებულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებზე და გულისხმობს დაკრედიტების პროცესში ისეთი სტანდარტების გამოყენებას, რომ მსესხებელმა ფინანსური სიძნელეების გარეშე შეძლოს სესხის მომსახურება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.