
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის XXXIV შეხვედრას უმასპინძლა
25-27 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისმა „ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის XXXIV შეხვედრას“ უმასპინძლა. ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ დაიწყება ორმხრივი სავალუტო სვოპ გარიგებების მოსამზადებელი სამუშაოები და საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცემა წვდომა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. „ეს არის მემორანდუმი, რომლის შემდეგაც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას სავალუტო სვოპზე ლარსა და იუანს შორის, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც ჩვენ ბიზნეს სუბიექტებს და მეწარმეებს, ვისაც აქვთ სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან, შესაძლებელი იქნება ძალიან საინტერესო საკრედიტო პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.