საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკას სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ბანკის“ გამოცემები  საჩუქრად გადასცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკას სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ბანკის“ გამოცემები საჩუქრად გადასცა

06 იანვარი, 2006
საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა შოთა რუსთაველის სახელობის N7 საქალაქო ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელებს საჩუქრად ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ბანკის“ გამოცემების სრული პაკეტი გადასცა. „დღევანდელი აქცია ეკონომიკური განათლების პოპულარიზებას ემსახურება. ბიბლიოთეკებს მომავალი თაობების განათლების საქმეში განსაკუთრებული მისია ეკისრებათ“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდაძემ ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.   საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად საზოგადოებრივი განათლება მიიჩნია. ამ მიზნით, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს ეროვნული ვალუტისა და საქართველოში ფულის მიმოქცევის ისტორიის საკითხების პოპულარიზაციისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ენციკლოპედიური გამოცემა „ფული საქართველოში“ უკვე გადაეცა თბილისში მოქმედ ბიბლიოთეკებს. აღნიშნული წიგნი საჩუქრად გადაეცემა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, სკოლებსა და უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებსაც.   ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პირველი აქცია უკვე გამართა, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ თბილისში განლაგებულ ბიბლიოთეკებს საჩუქრად ენციკლოპედიური გამოცემა „ფული საქართველოში“ (ორი ტომი) გადასცა. აღნიშნული ნაშრომი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადდა და იგი მიზნად ისახავს საქართველოში ფულის მიმოქცევის ისტორიის პოპულარიზებას. ორენოვანი წიგნი (იგი ქართულ და ინგლისურ ენებზეა) „ფული საქართველოში“ სამომავლოდ რეგიონში არსებულ ბიბლიოთეკებსაც გადაეცემა.   სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ბანკი“ საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2000 წლის სექტემბრიდან გამოიცემა. ჟურნალის რეფერატული ნაწილი ქვეყნდებოდა აგრეთვე რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სრულიად რუსეთის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაში.
სხვა სიახლეები