
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა IFC-თან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IFC-ის ექსპერტები, SBN-ის წევრი ქვეყნებისა და რეგიონის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ შესაბამისი სამინისტროებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საფინანსო ორგანიზაციების პრეზიდენტები/აღმასრულებელი დირექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
"ცენტრალურმა ბანკებმა და რეგულატორებმა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ანგარიშგების პრინციპებისა და სხვა სტანდარტების შემუშავებით ხელი უნდა შეუწყონ მდგრადი დაფინანსების განვითარებას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც მდგრად საბანკო ქსელში გაწევრიანდა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში.
"ბოლო წლებში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. 2017 წელს ეროვნული ბანკის მდგრად საბანკო ქსელში გაწევრიანების შემდეგ არსებითი ნაბიჯები გადაიდგა მდგრადი აფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, რის საშუალებასაც ეროვნულ ბანკს SBN-ის წევრობა აძლევს. ჩვენ გავაგრძელებთ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობას გზამკვლევის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელების ხელშესაწყობად, რაც ასევე კარგი მაგალითი იქნება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის", - განაცხადა IFC-ის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა მერი პორტერ პეშკამ.