
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის თანამშრომლები დააჯილდოვა. განსაკუთრებული პროფესიული დამსახურებისა და მრავალწლიანი საქმიანობისთვის საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ სებ-ის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ეროვნული ბანკში მუშაობის 30 წელი შეუსრულდათ. ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების გამორჩეული თანამშრომლები.
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მან ხაზი გაუსვა საბანკო სექტორში დასაქმებულ პროფესიონალთა განსაკუთრებულ როლს და აღნიშნა, რომ ქართული საბანკო სისტემის წარმატება სწორედ მათი ცოდნის, გამოცდილების, პასუხისმგებლობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
მისივე თქმით, ბანკირის დღე შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქართული საბანკო სისტემის ისტორია, შევაფასოთ განვლილი გზა და დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქვეყნის ფინანსური სისტემის მომავალს.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართული საბანკო სისტემა ილია ჭავჭავაძისა და იასონ ლორთქიფანიძის მიერ დამკვიდრებული ხედვისა და ღირებულებების ღირსეული გამგრძელებელია. ამასთან, იგი ინოვაციების, ტექნოლოგიური განვითარების, მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მაგალითია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქართული საბანკო სექტორის მდგრადობასა და ძლიერ ფინანსურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, სექტორი კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით, აქტივების მაღალი ხარისხითა და ჯანსაღი მომგებიანობით გამოირჩევა, ხოლო უმოქმედო სესხების წილი ისტორიულად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
„ეს მაჩვენებლები მხოლოდ სტატისტიკა არ არის - ისინი ასახავს სისტემის უნარს, შეინარჩუნოს სტაბილურობა, გაუმკლავდეს გარე შოკებს და ამავე დროს განაგრძოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავამ ქართული ბანკების საერთაშორისო წარმატებებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, სწორედ საერთაშორისო შეფასებები მოწმობს, რომ ქართული საფინანსო სექტორი გასცდა ადგილობრივი ბაზრის ფარგლებს და გლობალურ ფინანსურ სივრცეში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური ცენტრის პოზიციონირებაზეც. ამ მიმართულებით მან თბილისის ფინანსური სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელმაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი მონაწილე და 100-მდე მაღალი რანგის სტუმარი გააერთიანა.
„ჩვენი მთავარი ღირებულება ნდობა, პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმია - ის საფუძველი, რომელზეც ქართული საბანკო სექტორის წარმატება დგას“, - აღნიშნა მან.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელმა დავით რუსიამ. მისი განცხადებით, ქართული საბანკო სექტორი ერთი დიდი პროფესიული ოჯახია, რომლის როლი ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებულია. როგორც საბანკო ასოციაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია და მისი საქმიანობა ქვეყნის ეკონომიკის დაფინანსებასა და განვითარებას ემსახურება.
ბანკირის დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. 8 ნოემბერი პირველი ქართული ბანკის - თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებასა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს უკავშირდება. პროფესიული დღის დაწესების ინიციატივა ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნით.
08 ნოემბერი, 2026
ფოტოგალერეა
20