საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით სამახსოვრო მონეტა გამოუშვა
05 ივნისი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით, პოლონეთის ზარაფხანაში (Mennica Polska) მოიჭრა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი 3 ლარის ნომინალის ვერცხლისა და, ასევე, სპილენძის, ნიკელისა და თუთიის შენადნობის სამახსოვრო მონეტები, რომლებსაც საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოიტანენ და მათი რეალიზაცია 19 ივნისიდან დაიწყება.
სამახსოვრო მონეტის გამოშვება წარმოადგენს იმ კონცეფციის ნაწილს, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ნუმიზმატურ ბაზარზე გასვლის მიზნით შეიმუშავა. საინვესტიციო, საიუბილეო და სამახსოვრო მონეტების დამზადებისა და მათი რეალიზების ახალი კონცეფციის განხორციელება ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად საიუბილეო მონეტის მოჭრით დაიწყო. ივლისში საქართველოს ეროვნული ბანკი „ოქროს საწმისის“ გამოსახულებით პირველ საინვესტიციო ოქროს მონეტას გამოუშვებს და ამით ქვეყნის პოპულარიზაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს.
ავერსი: მონეტის წრიული კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია რეგიონის გეოგრაფიული რუქა. ზღვა – სარკისებური ზედაპირით; ხმელეთი – კონტინენტი – ფაქტურიანი ზედაპირით; საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის ტერიტორიები – მქრქალი ზედაპირით. მათი ტერიტორიები გამოყოფილია საზღვრებით. მონეტის ვერცხლის ვერსიაზე ნავთობსადენის და გაზსადენის მარშრუტი გამოსახულია ოქროსფრად. ქალაქები: ბაქო, თბილისი, ერზერუმი, ჯეიჰანი გამოსახულია რელიეფური წრეებით. სპილენძის, ნიკელისა და თუთიის შენადნობის მონეტაზე მარშრუტიც დატანილია ამობურცული რელიეფით.
კომპოზიციის ზედა ნაწილში რელიფურად გამოსახულია ორენოვანი წარწერა: წრიულად – „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ (ქართულად) და „Baku-Tbilisi-Geyhan“ (ინგლისურად); მათი შეერთების წერტილები აღნიშნულია ორი მცირე წრით.
კომპოზიციის ქვედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია ნომინალი „3“ და ორენოვანი წარწერა: „ლარი“ (ქართულად) და „Lari“ (ინგლისურად);
რევერსი: მონეტის წრიული კომპოზიციის ცენტრში რელიეფურად გამოსახულია სამი ნავთობჭაბურღილი, რომლებიც მდებარეობს კასპიის ზღვის ზედაპირზე გამავალ პლატფორმაზე. ზღვა გამოსახულია სიმბოლურად – დაკლაკნილი ხაზებით. ფონზე ორი განსხვავებული ზედაპირის (სარკისებური და ფაქტურული) საშუალებით გამოსახულია ამომავალი მზის კომპოზიცია.
ფაქტურულ ზედაპირზე ამოტვიფრულია მონეტის მოჭრის თარიღის აღმნიშვნელი წარწერა – „2006“.
კომპოზიციის ზედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია ორენოვანი წარწერა: წრიულად „საქართველოს ეროვნული ბანკი“ (ქართულად) და „National Bank of Georgia“ (ინგლისურად); მათი შეერთების წერტილი აღნიშნულია მცირე წრით.
კომპოზიციის ქვედა ნაწილში რელიეფურად გამოსახულია პროექტის აბრევიატურა „BTC“ (ინგლისურად) და ფრთის სიმბოლური ორნამენტი.
მონეტის ესკიზის ავტორია მამუკა გონგაძე.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მონეტა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ეროვნული ბანკის ფილიალებში გაიყიდება. ვერცხლის მონეტის ღირებულება 46 ლარი, სპილენძის, ნიკელისა და თუთიის შენადნობისა კი 5 ლარი იქნება.