
საქართველოს ეროვნული ბანკმა IFC-თან თანამშრომლობით მდგრად დაფინანსებაზე საერთაშორისო შეხვედრა გამართა
26 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასა (IFC) და მდგრად საბანკო ქსელთან (SBN) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ IFC-ის ექსპერტები, SBN-ის წევრი ქვეყნებისა და რეგიონის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები, საფინანსო ორგანიზაციების პრეზიდენტები/აღმასრულებელი დირექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
"მდგრადი განვითარების საკითხები მსოფლიოში დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. წამყვანი ცენტრალური ბანკები აქტიურად განიხილავენ გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს. ჩვენ, ეროვნულ ბანკში, კარგად გვესმის ფინანსური სისტემის როლი მდგრად განვითარებაში და აქტიურად ვმუშაობთ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განსავითარებლად იმ ქვეყნებთან, რომელთაც უკვე განავითარეს ასეთი ჩარჩო, და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთაც დაუგროვდათ მდიდარი გამოცდილება ამ მიმართულებით", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე გამოწვევები მდგრადი დაფინანსების განვითარების კუთხით, მათ შორის, განვითარებად ქვეყნებში სოციალური და მწვანე ობლიგაციების ბაზრისა და მწვანე კრედიტის განვითარების შესაძლებლობები, გარემოსდაცვით საკითხებზე გამჭირვალობის გაუმჯობესება, ფინანსური ზედამხედველობის როლი და არსებული რეგულატორული გამოცდილება და ინიციატივები.