საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო სამსახურების წინაშე აფხაზეთში რუსული კომერციული ბანკების არალეგალური საქმიანობის საკითხი დააყენა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო სამსახურების წინაშე აფხაზეთში რუსული კომერციული ბანკების არალეგალური საქმიანობის საკითხი დააყენა

27 აპრილი, 2006
ვაშინგტონში (აშშ) დასრულდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ბოლო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტში გაიმართა. საუბარი, ძირითადად, აფხაზეთის ე. წ. საბანკო სექტორთან რუსეთის კომერციული ბანკების არალეგალურ თანამშრომლობას შეეხებოდა.   აშშ-ის ხაზინის „შავი ფულის“ ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ აფხაზეთში მოქმედი ბანკები ლიცენზიის გარეშე, ე. ი. არალეგალურად საქმიანობენ. ამდენად, მათთან საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებულ პრინციპებს.   შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებლად იქნება შესწავლილი აშშ-ის საბანკო სექტორთან რუსული ბანკების საკორესპონდენტო ურთიერთობები, რომლებიც აფხაზეთის ე. წ. საფინანსო სტრუქტურებთან თანამშრომლობაში არიან შემჩნეულნი. ასეთი რუსული ბანკების საქმიანობას ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო სისტემასთან სათანადო ყურადღება მიექცევა. ამერიკულ ბანკებს ეკრძალებათ თანამშრომლობა ისეთ სტრუქტურებთან, რომლებიც პატივს არ სცემენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, – აღინიშნა შეხვედრაზე.   აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძეს დახმარება აღუთქვეს, რომ აფხაზეთის ე. წ. საბანკო სექტორთან რუსული კომერციული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის საკითხი FATF-ის (ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი) ეგიდით განიხილება. ასეთი არალეგალური კავშირების დამადასტურებელი დამატებითი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იქნება მიწოდებული.
სხვა სიახლეები