
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს ჯონ ტეფტს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიასა და, ზოგადად, ეკონომიკურ ვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბანკო სექტორში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
„ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება უდიდესია საქართველოსათვის, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბანკო სექტორსაც. ამის მაგალითია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანადგომით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი საბანკო სექტორის საკითხებსაც შეეხება“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩემს მეგობარ რომან გოცირიძესთან ერთად საქართველოს საბანკო სისტემის მდგომარეობისა და განვითარების საკითხები განვიხილეთ. საქართველოს ეკონომიკაში საბანკო სექტორი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ამდენად, მისი გაძლიერება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა განიხილებოდეს“, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა.