საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდნენ

29 ივლისი, 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ფინტექ ინდუსტრიის მიმდინარე მდგომარეობა, სექტორისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

აღინიშნა, რომ ფინტექ სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. განსაკუთრებული დინამიკით ვითარდებიან საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები, რომლებიც თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მათი საქმიანობა ხელს უწყობს ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას, მომხმარებლებისთვის სწრაფი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას, ასევე ფინანსურ სექტორში კონკურენციისა და ტექნოლოგიური განვითარების გაძლიერებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საკითხებს, რომლებიც დღეს სექტორის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. მონაწილეებმა იმსჯელეს მარეგულირებელ გარემოზე,  ასევე ეროვნულ ბანკს, საბანკო და ფინტექ ასოციაციებს  შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე სხვადასხვა ინიციატივების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების მხარდაჭერას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ფინანსური სექტორის მდგრად განვითარებას. ამასთან, გააძლიერებს აღნიშნულ ასოციაციებსა და საბანკო სფეროს შორის პროდუქტიულ თანამშრომლობას.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს აქტიური დიალოგი ფინტექ ინდუსტრიასთან, რათა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ხელი შეუწყოს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი და ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას საქართველოში.

29 ივლისი, 2026

ფოტოგალერეა

5

სხვა სიახლეები