საქართველოს ეროვნული ბანკის კომისიამ სამახსოვრო მონეტის დიზაინის ესკიზი ამ ეტაპზე ვერ შეარჩია

საქართველოს ეროვნული ბანკის კომისიამ სამახსოვრო მონეტის დიზაინის ესკიზი ამ ეტაპზე ვერ შეარჩია

22 აგვისტო, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის სამახსოვრო მონეტების თემატიკის განსაზღვრისა და დიზაინის შერჩევის კომისიამ ვერ გამოავლინა სამახსოვრო მონეტის ესკიზის გამარჯვებული ავტორი. მონეტის ავერსზე ქართული წეს-ჩვეულების – მევენახეობა-მეღვინეობის ამსახველი ფრაგმენტი უნდა ყოფილიყო გამოსახული. კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, ავტორებს წარმოდგენილი ესკიზების სრულყოფისათვის დამატებითი დრო მიეცემათ.   სამახსოვრო მონეტის დამზადება საქართველოს ეროვნულ ბანკს პოლონეთის ზარაფხანამ შესთავაზა და ამ პროექტის მთლიანად დაფინანსებაც აღუთქვა. რაც შეეხება აღნიშნულ პროექტში ეროვნული ბანკის როლს, იგი  თითოეულ რეალიზებულ მონეტაზე საკომისიოს სახით მიიღებს 2 ევროსა და 100 ცალ მონეტას უფასოდ. პოლონეთის ზარაფხანა ქართული წეს-ჩვეულებების ამსახველ 20 ათას ცალ სამახსოვრო მონეტას მოჭრის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით თვითონვე გაავრცელებს.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძის განცხადებით, პოლონური მხარის წინადადება ხელს შეუწყობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართული კულტურის პროპაგანდას. მისი შეფასებით, პროექტი ასევე ხელსაყრელია ფინანსური თვალსაზრისითაც. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პოლონეთის ზარაფხანას შორის თანამშრომლობის ტრადიცია მკვიდრდება – უკვე გაფორმებულია კონტრაქტი 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით 50 ათასი ცალი სამახსოვრო მონეტის მოჭრის თაობაზე. დღეისათვის უკვე მოჭრილია 5 ათასი ცალი, რის შედეგადაც ეროვნულმა ბანკმა კონტრაქტით გათვალისწინებული 10 ათასი ევროს მოცულობის საკომისიო და ასევე 200 მონეტა მიიღო უფასოდ. აღნიშნული მონეტა, რომლის ერთ მხარეს ქართული ხუთჯვრიანი დროშაა გამოსახული, მთელ მსოფლიოში უკვე ვრცელდება, რაც პროექტს,  დამატებით,  საქართველოს პოპულარიზაციის დატვირთვას აძლევს.
სხვა სიახლეები