საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ახალი საკლირინგო ანგარისწორების მოდელის პრეზენტაცია გაიმართება
29 ნოემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება სემინარი SWIFT-ის (საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა) და მაღალი ტექნოლოგიების კომპანიების MONTRAN-ის, CMA-ს, HP-ის წარმომადგენლების მონაწილეობით.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ღლონტის განცხადებით, „ეროვნულმა ბანკმა წელს დაიწყო აქტიური მუშაობა საქართველოში საკლირინგო სისტემის დანერგვაზე. SWIFT-ის არხების გამოყენებით „ავტომატიზირებული საკლირინგო სახლი“ (ACH) შეიქმნება. ამ სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სივრცისათვის, რადგან იგი გაამარტივებს, გააიაფებს და დააჩქარებს ლარით წარმოებულ ანგარიშსწორებას.“
სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ SWIFT-ის დსთ-ის რეგიონული მენეჯერი სტივენ პალსტერმანსი, ევროპის, რუსეთისა და დსთ-ის საბანკო ბაზრების ინფრასტრუქტურების ბიზნეს მენეჯერი სტეფან ერნსტი და საქართველოს კომერციული ბანკების ტექნიკური და ბიზნეს დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
მოწვეული სტუმრები სემინარის პირველ დღეს განიხილავენ SWIFT-ის ახალ სერვისებს, სტრატეგიებსა და იმ ცვლილებებს, რაც SWIFT-ში ბოლო წლებში მსოფლიო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.
სემინარის მეორე დღე მიეძღვნება ორი ალტერნატიული საკლირინგო სისტემის მოდელის პრეზენტაციას, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს არჩევანი შეაჩერონ შემოთავაზებული მოდელებიდან ერთერთზე. პირველი მოდელი ეროვნული ბანკისა და SWIFT-ის ერთობლივი საკლირინგო ანგარიშსწორების პროექტია. იგი სპეციალურად საქართველოს საბანკო სტრუქტურისათვისაა შემუშავებული. მოდელის პრეზენტაცია საკლირინგო ანგარიშსწორების სისტემაში SWIFT-ის სერვისების გამოყენებას ითვალისწინებს. კომპანიები CMA და HP აზერბაიჯანში დანერგილ და აპრობირებულ მოდელს წარმოადგენენ.
საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა SWIFT-ში მსოფლიოს 200 ქვეყნის 7500 საფინანსო დაწესებულება არის ჩართული. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნულ სისტემაში 1996 წლიდან გაწევრიანდა. ამჟამად SWIFT-ის მომსახურებით სარგებლობს საქართველოს 19 კომერციული ბანკი, რომელთა მიერ გადარიცხვები ინდივიდუალურ რეჟიმში ხორციელდება.