
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.
აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს ვირტუალური აქტივის მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციას, ეკოსისტემისადმი ნდობის გაძლიერებასა და სექტორის მდგრად განვითარებას.
ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და რომლის შემუშავებისას გათვალისწინებულია ეკოსისტემის მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირიც, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებით მარეგულირებელ მოთხოვნებს ადგენს.
წესში რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის ფარგლებში, მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა განისაზღვრა საქმიანობის კონკრეტული ტიპის მიხედვით. კერძოდ:
სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების შემთხვევაში, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ საზედამხედველო კაპიტალი განისაზღვრება არანაკლებ 500 000 ლარის ოდენობით და იზრდება სარეზერვო აქტივების მოცულობის ზრდასთან ერთად. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ პროვაიდერი ერთზე მეტი ვირტუალური აქტივის მომსახურებას ახორციელებს, ის ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურებებისთვის განსაზღვრული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალიდან ყველაზე მაღალი ოდენობის კაპიტალი.
ამასთან, რეგისტრაციის და რეგულირების წესს დაემატა რისკების მართვის ჩარჩოს მარეგულირებელი მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს საოპერაციო რისკების შეფასებასა და კონტროლს, კიბერუსაფრთხოებას, საოპერაციო პროცესების მართვისა და ბიზნეს უწყვეტობის გეგმას.
ასევე განისაზღვრა სარეგისტრაციო მოთხოვნები იმ პროვაიდერებისთვის, რომლებიც გეგმავენ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების მომსახურების განხორციელებას. მათ შორის, მოთხოვნები კორპორაციულ მართვასთან, საზედამხედველო კაპიტალსა და შეთავაზების დოკუმენტთან მიმართებაში.
განახლებული რეგისტრაციის და რეგულირების წესის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ პროვაიდერის რეგისტრაციის შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მკაფიოდ მიეთითება ვირტუალური აქტივის მომსახურების ის კონკრეტული სახეობა, რომლის განხორციელების უფლებაც მიენიჭა სუბიექტს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საჯაროდ ხელმისაწვდომი რეესტრის განახლებას თითოეული პროვაიდერის საქმიანობის სახეობის მითითებით.
ცვლილებით დადგენილი დამატებითი მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს შესაბამისობისთვის დამატებითი დრო მიეცათ. კერძოდ, რისკების მართვის ჩარჩოს მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის განისაზღვრა 2027 წლის 1-ელი ივლისი, ხოლო მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის - 2027 წლის პირველი სექტემბერი.