საქართველოს ეროვნული ბანკი სარეზოლუციო ფონდის ფინანსურ ანგარიშგებას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი სარეზოლუციო ფონდის ფინანსურ ანგარიშგებას აქვეყნებს

30 ივნისი, 2026

სებ-ი საბანკო სექტორის რეზოლუციის ჩარჩოს განვითარებას განაგრძობს და სარეზოლუციო ფონდის 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებას აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა სარეზოლუციო ფონდის შესახებ ფინანსური ინფორმაცია პირველად მოამზადა და ის სებ-ის ფინანსური ანგარიშგებისგან სრულად დამოუკიდებელი დოკუმენტია.

სარეზოლუციო ფონდი კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც 2020 წელს ბანკის რეზოლუციის პროცესის დაფინანსებისთვის შეიქმნა და მისი მიზანია კანონით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლების არსებობისას აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება ისე განახორციელოს, რომ შემცირდეს სისტემური რისკები და გადასახადის გადამხდელთა რესურსების გამოყენების საჭიროება.

2023 წლის დეკემბრამდე სარეზოლუციო ფონდი წარმოადგენდა მხოლოდ ე.წ. ex-post მექანიზმს, რაც გულისხმობდა რეზოლუციის საჭიროების შემთხვევაში დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ფონდში ჩარიცხვას. 2023 წლის დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2025 წლიდან სარეზოლუციო ფონდში კომერციული ბანკების მიერ ე.წ. ex-ante, ანუ წინასწარი შენატანების განხორციელება დაიწყო.

სარეზოლუციო ფონდი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშს და არ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი. ფონდის სამიზნე ნიშნული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3%-ს შეადგენს, რომლის მიღწევაც 8-წლიანი პერიოდის განმავლობაში, 2033 წლამდეა განსაზღვრული.

კომერციული ბანკებისთვის სარეზოლუციო ფონდში ყოველწლიური შენატანის ოდენობა განისაზღვრება წლის ბოლოს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ბანკების აქტივების წილისა და ინდივიდუალური რისკის პროფილის გათვალისწინებით.

სარეზოლუციო ფონდს ადმინისტრირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო ფონდის სახსრების ინვესტირების პროცესს, საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნულ ბანკსა და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, დაცულობისა და ლიკვიდურობის პრინციპების შესაბამისად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, კარგადაა კაპიტალიზირებული და ინარჩუნებს ლიკვიდურობის მყარ ბუფერებსა და მომგებიანობას.

სხვა სიახლეები