საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6 პროცენტზე ტოვებს

13 მაისი, 2009

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 13 მაისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტს შეადგენს.

აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 1.8 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ინფლაციაზე მოქმედი რისკები. მოსალოდნელია, რომ 2009 წლის განმავლობაში შენარჩუნდება ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი.

სავალუტო აუქციონების შემოღების შემდეგ, სავალუტო ბაზარზე მდგომარეობა დასტაბილურდა და შემცირდა ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება. შესაბამისად, იკლო ეროვნული ბანკის ინტერვენციებმა. სამომავლოდ, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს განახორცილებს მხოლოდ სავალუტო აუქციონების მეშვეობით, ხოლო ოფიციალური გაცვლითი კურსი განისაზღვრება ბანკთაშორის ბაზარზე განხორცილებული გარიგებების საფუძველზე. აღნიშნული ღონისძიებების განხორცილება ხელს შეუწყობს ფულადი ბაზრის განვითარებასა და დოლარიზაციის შემცირებას, რაც გააძლიერებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს.

მსოფლიო ბაზარზე შეიმჩნევა ეკონომიკური ვარდნის შენელების ცალკეული პოზიტიური ნიშნები, რასაც ბოლო პერიოდში მოჰყვა ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე ფასების მომატება, მათ შორის, მეტალებსა და ნავთობპროდუქტებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 24 ივნისს გაიმართება.

 

სხვა სიახლეები