
საქართველოს ეროვნული ბანკი „ხელბურთი 2026“ თემაზე საკოლექციო მონეტას უშვებს
ქართული ხელბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობისადმი მიძღვნილ 1 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას უშვებს.
ხელბურთის თემაზე მონეტის გამოშვების თხოვნით საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელბურთის ფედერაციამ მიმართა. აღნიშნული თხოვნა სებ-ის საბჭომ განხილვის შედეგად დააკმაყოფილა.
საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წელს მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური და მონაწილეობა მიიღეს უდიდეს სახელბურთო ფორუმში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2026 წელს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წელი სრულდება.
„ხელბურთი 2026“ მონეტის დიზაინის ესკიზი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის (დიზაინერი გ. ჟღენტი) მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა. დიზაინის სრულყოფა და მონეტების დამზადება ყაზახეთის ზარაფხანაში ექსკლუზიური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.
მონეტები 3000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 200 ლარს შეადგენს.
მონეტის რეალიზაცია 2026 წლის 12 იანვარს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება როგორც საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.
საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები: - ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზია - https://moneymuseum.nbg.gov.ge/
იმისათვის, რომ მონეტების შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, მათი გაყიდვის დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ამ პერიოდში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს არაუმეტეს 1 ცალი მონეტა.
საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან მონეტის შეძენისას, მომხმარებელმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ლოგოს დეტალები - ორნამენტის სახით შესრულებული ჯიქის გამოსახულება (რომელიც ბურთს ეხება) საქართველოს დროშის ფონზე (დროშის დეტალები წითელ ფერშია წარმოდგენილი). მონეტის მარცხენა ქვედა კუთხეში მოცემულია მონეტის ნომინალური ღირებულება, ხოლო კიდეზე, წრიულად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები: „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილე“ და „1956-2026“.
რევერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს კარში გატანილი ბურთის რელიეფური გამოსახულება, რომელზეც დატანილია საქართველოს ხელბურთის ასოციაციის ლოგოს დეტალის ცისარტყელასებრი გამოსახულება, მის ქვემოთ დატანილია წარწერები „EHF EURO 2026“, ხოლო ზემოთ - „საქართველო“ და „Georgia“, რომელთა შორის ვარსკვლავია გამოსახული. კიდეზე, წრიულად განთავსებულია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები: „GEORGIAN HANDBALL NATIONAL TEAM AT EURO 2026“ და „საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევრო 2026 ჩემპიონატზე“.
ნომინალი: 1 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 20 გრ
დიამეტრი: 33 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
გამოშვების წელი: 2026
ტირაჟი: 3000
დიზაინერი: გიორგი ჟღენტი, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია
ზარაფხანა: ყაზახეთის ზარაფხანა (Kazakhstan Mint)
ეროვნული ბანკი მადლობას უხდის საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას და ყაზახეთის ზარაფხანას მონეტის დიზაინის მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.