საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს პეკინის ოლიმპიადის თემატიკაზე შექმნილი ოქროს მონეტებით დაასაჩუქრებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს პეკინის ოლიმპიადის თემატიკაზე შექმნილი ოქროს მონეტებით დაასაჩუქრებს

24 ივლისი, 2008

საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული სამახსოვრო მონეტების "ოლიმპიადა. პეკინი 2008" პრეზენტაცია გამართა, რომლებიც, ეროვნული ბანკის დაკვეთით, ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. გამოშვებულია 1000 ცალი ოქროსა და 1500 ცალი ვერცხლის მონეტა. 

პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი გოგი თოფაძე, ეროვნული ბანკისა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები და ვეტერანი ოლიმპიელები დაესწრნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა ქართველ ოლიმპიელებს პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს კი ვერცხლის მონეტებით დაასაჩუქრებს. "დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები კიდევ ერთხელ ასახელებენ საქართველოს და პეკინიდან მედლებით დამშვენებულები დაგვიბრუნდებიან. ჩვენი მხრიდან მათი შრომის და გარჯის მოკრძალებული დაფასება იქნება ის, რომ გამარჯვებულებს ეს მონეტები საჩუქრად გადავცეთ", - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა.

"პეკინის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი მონეტა ხელმისაწვდომი იქნება არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. იგი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მდიდარი ოლიმპიური ტრადიციების მქონე ქვეყნის, პოპულარიზებას მთელს მსოფლიოში", - განაცხადა დავით ამაღლობელმა.

პრეზენტაციის მიწურულს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს საჩუქარად გადასცა ოქროსა და ვერცხლის სამახსოვრო მონეტები "ოლიმპიადა. პეკინი 2008".

სხვა სიახლეები