საქართველოს ეროვნული ბანკი 2008 წლის საგადასახდელო ბალანსის IV კვარტალის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2008 წლის საგადასახდელო ბალანსის IV კვარტალის შედეგებს აქვეყნებს

26 მარტი, 2009

2008 წლის IV კვარტალის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 409.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც წინა კვარტალთან, ისე 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (42.3 და 48.5 პროცენტით, შესაბამისად).

საანგარიშო პერიოდში შემცირდა საქონლით ვაჭრობა – როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. კერძოდ, 2008 წლის IV კვარტალში ექსპორტი, III კვარტალთან შედარებით, შემცირდა 41.2 პროცენტით და, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი – 9.0 და 10.6 პროცენტით, შესაბამისად. ექსპორტის გაცილებით მნიშვნელოვანმა შემცირებამ განაპირობა საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუარესება, რომლის სალდომ 1044.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 16.8 პროცენტით მეტი წინა კვატალთან და 1.1 პროცენტით მეტი, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი 2008 წლის IV კვარტალში კვლავ დადებითია და 2.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 302.0 მლნ აშშ დოლარია (წინა კვარტალთან შედარებით, 7.3 პროცენტით ნაკლები, ხოლო 2007 წლის IV კვარტალთან შედარებით – 2.2 პროცენტით მეტი), ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი – 299.1 მლნ აშშ დოლარი (წინა კვარტალ­თან შედარებით შემცირდა 12.0 პროცენტით, ხოლო 2007 წლის ანალოგიურ პერიოდ­თან შედარებით გაიზარდა 1.4 პროცენტით).

მომსახურებით ვაჭრობიდან დადებითი ბალანსით ხასიათდება ტურისტული მომსახურების ბალანსი, რომელიც 2008 წლის IV კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.7 პროცენტით, ხოლო წინა კვარტალ­თან შედარებით 30.5 პროცენტით შემ­ცირდა. მეორე დადებითი კომპონენტი – კავშირ­გაბ­მულო­ბის მომსახურება, წინა კვარტალთან შედარებით, 31.1 პროცენტით შემცირდა, 2007 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 3.1-ჯერ გაიზარდა. უარყოფითი სალდოთი გამოირჩევა სადაზღვევო მომსახურება, სხვა საქ­მიანი, სატრანს­პორტო და სამშენებლო მომსახურების სექტორები (-32.8, -7.9, -6.1  და -2.2 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად).

შემოსავლის ბალანსი 2008 წლის IV კვარტალში ყველაზე მაღალი მაჩვენებლით დაფიქსირ­და – 132.3 მლნ აშშ დოლარი. შემოსავლის კრედიტი 129.2 მლნ აშშ დოლარია, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია წინა კვარტალის და 0.3 პროცენტით ნაკლები – 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. პირველად მოხდა, რომ შემოსავლის დებეტი დადებითი გახდა (3.1 მლნ აშშ დოლარი), რაც უარყოფითი რეინვესტიციით არის გამოწვეული.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია 2008 წლის IV კვარტალის ბალანსში და 499.9 მნლ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან, 521.3 მლნ აშშ დოლარი მიღე­ბული, ხოლო 21.4 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2008 წლის IV კვარტალში სახელმწიფო სექტორის ტრანსფერები, გასულ კვარტალთან შედარებით, 5.7-ჯერ გაიზარდა და 294.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, სხვა სექტორის ტრანსფერები, წინა კვარტალთან შედარებით, 1.2-ჯერ გაიზარდა და 205.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სახელმწიფო სექტორში მიმდინარე ტრანსფერების ასეთი ზრდა დონორი ქვეყნების დახმარების შედეგია.

კაპიტალური ტრანსფერები 2008 წლის IV კვარტალში 45.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და, III კვარტალთან შედარებით, 1.9-ჯერ, ხოლო 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.5-ჯერ არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები 40.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 2-ჯერ მეტს როგორც წინა, ასევე 2007 წლის IV კვარტალთან შედარებით.

პირდაპირი ინვესტიციები 2008 წლის IV კვარტალში 188.3 მლნ აშშ დოლარს უდრის, რაც, წინა კვარტალთან შედარე­ბით, 25.5 პროცენტით მეტია, ხოლო 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 67.9 პროცენტით ნაკლები. ინვესტიციების მატება დაფიქსირდა როგორც სააქციო, ასევე სხვა კაპიტალში, ხოლო რეინ­ვეს­ტირებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანი შემცირებაა (151.6 მლნ აშშ დოლარი).

პორტფელის ინვესტიციები აქტივების სახით 2008 წლის IV კვარტ­ალში 41.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. უმნიშვნელოა საქართ­ვე­ლოში განხორციელებული პორტფელის ინვესტიციები – 4.7 მლნ აშშ დოლარი.

სხვა ინვესტიციების სალდომ საანგარიშო პერიოდში 221.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სხვა ინვესტიციების სალდო, წინა კავრტალთან შედარებით, 51.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57.4 პროცენტით გაიზარდა, რაც როგორც აქტივების შემცირებამ (IV კვარტალში შემცირდა 60.8 მლნ აშშ დოლარით), ასევე ვალდებულებების ზრდამ გამოიწვია. სხვა აქტივების 55.5 პროცენტი სავაჭრო კრედიტებია (33.7 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ვალდებულებების ზრდა მთლიანად სესხებმა განაპირობა. საანგარიშო პერიოდში სესხი 222.2 მლნ აშშ დოლა­რით გაიზარდა, ზრდა, ეროვნული ბანკის გარდა, ყველა სექტორში დაფიქსირდა. სამთავრობო სექტორის სესხი 117.8 მლნ აშშ დოლარით, კომერციული ბანკების სესხი 84.2 მლნ აშშ დოლარით,  ხოლო სხვა სექტორების სესხები  22.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სარეზერვო აქტივები 2008 წლის IV კვარტალში გაიზარდა 104.2 მლნ აშშ დოლარით, მათ შორის უცხოური ვალუტა გაიზარდა 95.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ნასესხობის სპეციალურ უფლებათა ანგარიში – 9.0 მლნ აშშ დოლარით.

სხვა სიახლეები