საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ჟურნალისტებისათვის შაბათის ტრადიციული სემინარი გაიმართა

24 მარტი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ეროვნულ ბანკში მასმედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა შაბათის ტრადიციული სემინარი თემაზე – „სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი. რატომ არის იგი საჭირო?“   სემინარი ჩაატარა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მრჩეველმა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკში დევიდ ქალფეფერმა. მან მიმოიხილა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინსტრუმენტების მნიშვნელობა ქვეყნის საფინანსო მდგომარეობის განმტკიცების კონტექსტში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის  განვითარების უზრუნველსაყოფად მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთობის საკითხები.   დევიდ ქალფეფერის განცხადებით, „საქართველოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ვითარდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები  მნიშვნელოვან ინსტრუმენტს  წარმოადგენს მიმოქცევაში ფულის მასის გასაკონტროლებლად.“.   სემინარზე ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მრჩეველმა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკში ისაუბრა ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენების დროს, და ზოგადად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებისას, დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს.   გასული წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რომლის მიზანია საზოგადოება უფრო უკეთ გაეცნოს საქართველოს საბანკო სისტემასა და ეკონომიკის სხვა სექტორებში მიმდინარე პროცესებს. სემინარებს გაუძღვებიან როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტები. მსგავსი სემინარები საქართველოს ეროვნულ ბანკში, ტრადიციულად, ყოველ შაბათს იმართება.
სხვა სიახლეები