საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადამხდელო სისტემების საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადამხდელო სისტემების საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს

08 აგვისტო, 2006
საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს სემინარი თემაზე  “საგადამხდელო სისტემები, მათი როლი და ფუნქციონალობა”. სემინარს უძღვება კვიპროსში განლაგებული საპროცესინგო კომპანია “მონეტიქს ლიმიტედის” დირექტორი გორდონ კლარკი.  სემინარში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საგადამხდელო სისტემების სპეციალისტები, ამავე დარგის სპეციალისტები და მენეჯერები წამყვანი ქართული კომერციული ბანკებიდან და საქართველოში მოქმედი უცხოური ბანკების ფილიალებიდან.    საქართველოში 2001 წლიდან მოქმედებს  “მონტრანის” ავტომატიზებული საგადამხდელო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ბანკებს შორის ანგარიშსწორებას. გასული ხუთი წლის განმავლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა მომსახურების ახალი სახეობები, როგორიცაა ინტერნეტ-ბანკინგი, ანგარიშსწორება პლასტიკური ბარათებისა და მობილური ტელეფონების გამოყენებით და ა.შ. ამიტომ, გორდონ კლარკის განმარტებით, დღის წესრიგში დადგა ინტეგრირებული ეროვნული საგადამხდელო სისტენების შექმნა, რომლებიც ყველა სახის ტრანზაქციებს უზრუნველყოფს.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ღლონტმა განაცხადა, რომ გარდა ამისა, “სამომავლოდ საქართველოში განხორციელდება ფასიან ქაღალდებზე ანგარიშსწორების ოპერაციები, რაც აღნიშნული სისტემების არსებობას აუცილებელს გახდის. ამისათვის საბანკო სისტემა მზად უნდა იყოს.”   ახლო მომავალში არსებული საგადამხდელო სისტემა ვეღარ უზრუნველყოფს რაოდენობრივად მნიშვნელოვნად გაზრდილ ტრანზაქციების დროულად დამუშავებას. ამიტომ აქტუალური ხდება ავტომატიზებული საკლირინგო სისტემის ჩამოყალიბება. საქართველოს ეროვნული ბანკის საგადამხდელო სისტემების დეპარტამენტის უფროსის ზურაბ გრიგალაშვილის  განმარტებით, საკლირინგო სახლმა უნდა უზრუნველყოს დაბალი ღირებულობისა და პრიორიტეტის ანგარიშსწორება. საუბარია ისეთ გადარიცხვებზე, რომელსაც ახორციელებს მოსახლეობა სატელეფონო, კომუნალური გადასახადების გადახდისა და ინტერნეტ-ვაჭრობის პროცესში. ამ შემთხვევებში ტრანზაქციის მოცულობა ხშირად არ აღემატება რამდენიმე ლარს და ამიტომ ასეთი გადარიცხვის მთელი ციკლით გატარება მნიშვნელოვანად გადატვირთავს სისტემას.
სხვა სიახლეები