საქართველოს ეროვნულ ბანკში ქართველ და გერმანელ ექსპერტთა ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბანკში ქართველ და გერმანელ ექსპერტთა ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

26 თებერვალი, 2008

საქართველოს ეროვნულ ბანკში  მიმდინარე წლის 27 თებერვალს გაიმართება ქართველ და გერმანელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შემუშავებული კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. პროექტის თემაა „საგადასახადო რეფორმა და ფისკალური პასუხისმგებლობა: საფინანსო და სოციალური პოლიტიკის შემდგომი სრულყოფის გზები საქართველოში“, მასში მონაწილეობას მიიღებენ   თბილისში მოქმედი  გერმანიის სხვადასხვა ორგანიზაციები (გერმანიის საელჩო, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს თბილისის ბიურო, ფრიდრიხ ებერტის ფონდის კავკასიის ბიურო და სხვ.).

კვლევითი  პროექტი დაიწყო 2005 წელს და მასში მონაწილეობდნენ გერმანელი და ქართველი მეცნიერები. აღნიშნული კვლევითი პროექტი მთლიანად დაფინანსებული იყო გერმანიის მხარის მიერ (ფოლკსვაგენის ფონდი). პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი ჰანს-გეორგ პეტერსენი – პოტსდამის უნივერსიტეტის (გერმანია) ფინანსური მეცნიერების კათედრის გამგე, ხოლო საქართველოში პროექტის  კოორდინატორი იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, პროფესორი სიმონ გელაშვილი.

პროექტი მოიცავს თეორიული და პრაქტიკული ხასიათის პრობლემათა ფართო წრეს, როგორიცაა, მაგალითად: მაკროეკონომიკური სიტუაცია, საფინანსო პოლიტიკა, გადასახადები და საგადასახადო კოდექსი, სახელმწიფო ბიუჯეტი, ფინანსური წონასწორობის მოდელირება და პროგნოზირება და სხვ.

საკონტაქტო პირი:

გიორგი კალანდაძე,

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

ტელ.:(995 32) 442 488

ელ. ფოსტა: prd@nbg.gov.ge

სხვა სიახლეები