საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფლაციის თარგეთირების საკითხებზე სემინარი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფლაციის თარგეთირების საკითხებზე სემინარი გაიმართა

28 იანვარი, 2009

საქართველოს ეროვნულ ბანკში 27-28 იანვარს ჩატარდა სემინარი თემაზე – ინფლაციის თარგეთირება, რომელსაც უძღვებოდნენ ინგლისის ბანკის ცენტრალური ბანკების სასწავლო ცენტრის დირექტორი ჯილ ჰამონდი და ინგლისის ცენტრალური ბანკის თანამშრომელი ოლე რუმელი. ტრენინგ-სემინარი ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა. სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის წევრები და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული თანამშრომლები.

სემინარზე ყურადღება გამახვილდა თარგეთირების რეჟიმზე გადასვლის მსოფლიოში არსებულ აპრობირებულ მეთოდებზე, თარგეთირების რეჟიმის მართვის კონცეფციებსა და, ზოგადად, თემის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე.

სემინარზე აღინიშნა, რომ ინფლაციის თარგეთირება ქვეყნისათვის ყველაზე თანამედროვე და მოქნილი რეჟიმია. იგი ყველაზე ეფექტიანია ქვეყნის შიგნით წარმოშობილი თუ ქვეყნის გარედან მომდინარე შოკებზე რეაგირებისათვის.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის გამოყენება უცხოეთის წამყვანმა ცენტრალურმა ბანკებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყეს. ამ პერიოდიდან მრავალი ქვეყანა ევროპასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ასევე, ავსტრალია, ახალი ზელანდია მიმართავს ინფლაციის თარგეთირებას. ამ რეჟიმში ორი წელია მუშაობს თურქეთი და სომხეთი. საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირებაზე გადასასვლელად ბოლო რამდენიმე წელი ემზადებოდა, ხოლო 2009 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად დაიწყო გადასვლა.

სხვა სიახლეები