საქართველოს ეროვნულ ბანკში IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტმა საქართველოში პრეზენტაცია გამართა
08 ივნისი, 2007
საქართველოს ეროვნულ ბანკში IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტმა საქართველოში გამართა თავისი საქმიანობის პრეზენტაცია და პირველი კონსულტაცია საქართველოს ბანკების ხელმძღვანელებთან. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე, IFC-ის კორპორაციული მართვის პროექტის ხელმძღვანელი ირინა გორდელაძე და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.
პრეზენტაციის თანახმად, კორპორაციული მართვის პროექტი საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს კომერციულ ბანკებთან მუშაობას და შესაბამისად, რეგულარულად შესთავაზებს ბანკების მმართველ რგოლებს სპეციალურად მათთვის მომზადებულ სემინარებსა და ტრენინგებს, - და ეს ყველაფერი მიმართული იქნება ქართული ბანკების კორპორაციული მართვის გაუმჯობესება-დახვეწაზე, გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ღიაობის მხარდაჭერასა და საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაზე.
თავის მისალმებაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, მისი პრინციპები კი აქტუალურია საქართველოს საბანკო სისტემისათვის. „მიხარია, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში კორპორაციული მართვის სისტემის მეთოდების დანერგვის დონე დამაიმედებელია. თუმცა საჭიროა მისი სრულყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი რეალიების გათვალისწინებით“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ჯანსაღი კორპორაციული მმართველობა გულისხმობს ბანკის აქციონერების, მენეჯმენტისა და კლიენტების ინტერესების დაცვას. „ქართული ბანკების დიდი ნაწილის აქციებს უცხოელი ინვესტორები ფლობენ, რომლებიც საბანკო სექტორში კორპორაციული სისტემის თანამედროვე ელემენტებს ნერგავენ. კომერციული ბანკების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესი ბანკებში კორპორაციული მმართველობის ხარისხსა და საბანკო სისტემისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო გაზრდის“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.
კორპორაციული მართვის პროექტის ხელმძღვანელის ირინა გორდელაძის განცხადებით, საწყის ეტაპზე მხოლოდ რჩეულ ბანკებს მიეცემათ IFC-ის დახმარებით თავიანთი კორპორაციული მართვის ძირეული ცვლილების შესაძლებლობა. მისი თქმით, პილოტური პროგრამის ექსპერტები დეტალურად შეისწავლიან ამ ბანკებში არსებულ პრაქტიკას, შეიმუშავებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს და შემდეგ ბანკის ხელმძღვანელობას დაეხმარებიან მათ დანერგვასა და პრაქტიკულად განხორციელებაში.