
საქართველო პირველად სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს
19-21 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს ეროვნული ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონული ფორუმი გაიხსნა. აღნიშნული ტიპის ფორუმი კავკასიის რეგიონში პირველად ტარდება და მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური სფეროს ექსპერტებს შორის, ასევე მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებისა და პროცესების განხილვა და სხვადასხვა ჭრილში გაანალიზება. ფორუმზე განიხილება ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ცენტრალური ბანკები მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაბალი და ნეგატიური საპროცენტო განაკვეთების პირობებში საერთაშორისო რეზერვების მართვის სპეციფიკას.
"საქართველოში პირველად ტარდება გლობალური ფორუმი რეზერვების მართვის შესახებ და ეს არის საშუალება, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება სხვა ცენტრალურ ბანკებს და ასევე ვისწავლოთ სხვებისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მრავალი წარმატებული რეფორმა გაატარა, მათ შორის რეზერვების მართვაში. ბოლო წლებში რეზერვების მართვის ყველა მიმართულებით დავნერგეთ სიახლეები, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე დავნერგეთ ახალი ინსტრუმენტები და რეზერვების მართვის თანამედროვე მეთოდებზე გადავედით. რეზერვების მართვაში გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის მსოფლიოში ნულოვანი საპროცენტო განაკვეთები და ევროს შემთხვევაში ნეგატიური საპროცენტო განაკვეთი. ეს გამოწვევა არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის მსოფლიოს ყველა ცენტრალური ბანკისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ამ პირობებში თუ როგორ შეიძლება ვმართოთ ჩვენი რეზერვები, ისე რომ მივიღოთ მაქსიმალური შემოსავლიანობა და ასევე დავიცვათ პრინციპები, როგორიც არის უსაფრთხოება და ლიკვიდურობა", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.