საქართველო მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტს მიუერთდა

საქართველო მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტს მიუერთდა

17 მაისი, 2010

2010 წლის 17 მაისიდან საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტს მიუერთდა. ამიერიდან ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები რეგულარულად გამოქვეყნდება ეროვნულ მონაცემთა ერთიან გვერდზე (http://www.nbg.ge/index.php?m=481&lng=eng). გარდა ამისა, გამოქვეყნდება ე.წ. მეტამონაცემები – ყოვლისმომცველი ინფორმაცია ქვეყანაში სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების პრაქტიკის შესახებ, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ–გვერდიდან იქნება ხელმისაწვდომი (http://dsbb.imf.org/Pages/SDDS/CtyCtgList.aspx?ctycode=GEO) და მონაცემთა გავრცელების კალენდარი (http://nbg.gov.ge/index.php?m=485&lng=eng).

ზემოაღნიშნული არის ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების -  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილება.

მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი უზრუნველყოფს ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. ერთიანი მონაცემთა ბაზა ხელს შეუწყობს დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებასა და ამავდროულად, წაახალისებს პოტენციური საგარეო ეკონომიკური პარტნიორებისა და ინვესტორების დაინტერესებას ჩვენი ქვეყნისადმი. მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი უადვილებს წევრ ქვეყნებს კაპიტალის ბაზრებზე მონაწილეობას. არაერთი გამოკვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მონაცემთა გავრცელების სტანდარტებში ამა თუ იმ ქვეყნის მონაწილეობა სერიოზულად (დაახლოებით 20 პროცენტით) ამცირებს საერთაშორისო ბაზრებიდან კაპიტალის მოზიდვის ხარჯებს (მათ შორის კერძო სექტორისათვის).

სხვა სიახლეები