საგადახდო სისტემების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ეროვნული საგადახდო სისტემების კომიტეტი ჩამოყალიბდა

საგადახდო სისტემების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად ეროვნული საგადახდო სისტემების კომიტეტი ჩამოყალიბდა

09 დეკემბერი, 2008

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საგადახდო სისტემების ეფექტიანი და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაა. საგადახდო სისტემის მთავარი დანიშნულებაა უზრუნველყოს მომხმარებელთა შორის თანხების სწრაფი და უსაფრთხო მიმოქცევა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეტაპზე ახორციელებს ეროვნული საგადახდო სისტემის რეფორმას, რომლის მიზანია დროის რეალურ რეჟიმში ბანკთაშორისი ანგარშსწორების არსებული სისტემის განახლება და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ახალი სისტემის დანერგვა.

საგადახდო სისტემების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, 2008 წლის 5 დეკემბერს ჩამოყალიბდა ეროვნული საგადახდო სისტემების კომიტეტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

  • ზედამხედველობა გაუწიოს საგადახდო სისტემების რეფორმის მიმდინარეობას;
  • ხელი შეუწყოს სისტემების მონაწილეთა შორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას;
  • იზრუნოს არსებული სისტემების საიმედო და ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

კომიტეტის წევრები არიან საქართველოს მსხვილი კომერციული ბანკების,  საქართველოს ბანკების ასოციაციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

საგადახდო სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს  ქვეყანაში ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას. რეფორმის შედეგად მივიღებთ საიმედო, გამართულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თანამედროვე სისტემას, რომლის ამოქმედება შეამცირებს ოპერაციულ რისკებს, გაზრდის სისტემის მდგრადობას და ეფექტიანობას.

სხვა სიახლეები