
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 285 მილიონი დოლარის მოცულობის, 3-წლიან პროგრამას იწყებს, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა პირველ ვიცე-პრემიერ, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოში 3-წლიანი პროგრამის დაწყებაზე, რომელიც დაფინანსდება 285 მილიონი აშშ დოლარით "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით". სავალუტო ფონდი საქართველოში ეკონომიკურ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას აპრილში განიხილავს.
"მივესალმები ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, მივესალმები ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს. მოხარული ვარ, რომ დღეს შეგვიძლია გაცნობოთ მისიის დონეზე მიღწეული შეთანხმების შესახებ 3-წლიანი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ის პროგრამა, რომელიც შემუშავდა ჩვენი ხელისუფლების მიერ და რომელიც სსფ-ს დახმარებით განხორციელდება. ეს არის პროგრამა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი"(EFF), რომელიც, როგორც წესი გამოიყოფა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ მოკლევადიანი პრობლემები საგადასახდელო ბალანსში და ზუსტად ამ პერიოდში ხდება მათთვის დახმარების მიღება. პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიიღებს 3 წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდში არსებული 100 პროცენტის ქვოტის რაოდენობის თანხას, ეს დაახლოებით 285 მილიონი აშშ დოლარია. ამ პროგრამის მიხედვით მაქსიმალური თანხა, რომელიც შეიძლება ქვეყანამ მიიღოს არის ქვოტის 435 პროცენტი. ჩვენს შემთხვევაში ვსაუბრობთ მხოლოდ ქვოტის 100 პროცენტზე. მოგეხსენებათ, რომ ყველა პროგრამის მნიშვნელოვანი მიზანი, რომელსაც მხარს უჭერს სსფ, ეს არის ეროვნული ბანკის რეზერვების განმტკიცება და ზრდა, რადგანაც ეროვნული ბანკის რეზერვების უფრო მყარი პოზიცია ზრდის ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ამავე დროს იზრდება ინვესტიციები და მაკროეკონომიკური სტაბილურობა. გარდა ამისა, სსფ-ს პროგრამის არსებობა ქვეყანაში არის ის დადებითი სიგნალი, რომელიც გადაეცემა პოტენციურ ინვესტორებს, არამარტო უცხოელ ინვესტორებს, არამედ შიდა ინვესტორებსაც, რომ ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება არის კარგი და დადებითი, რამაც დამატებითი სტიმული უნდა შექმნას ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის. ამ მხრივაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია.