საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს

17 დეკემბერი, 2008
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პირველი მიმოხილვა სსფ-ის 18 თვიანი პროგრამის ფარგლებში (რომელიც მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დამტკიცდა და ითვალისწინებს საქართველოსთვის SDR 477 მილიონი (დღევანდელი კურსით - 726 მლნ აშშ დოლარის) საკრედიტო ხაზის გამოყოფას).

აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ბ-ნმა ტაკატოში კატომ, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა, შემდეგი კომენტარი გააკეთა: “საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ხელმძღვანელობის ძალისხმევას ფინანსური ბაზრების სტაბილიზაციის კუთხით, პირველი დადებითი შედეგები მოჰყვა. ამ პროგრამის ფარგლებში შეივსო ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები, შემცირდა ზეწოლა საფინანსო ბაზარზე და ხელი შეეწყო დონორების მხრიდან მნიშვნელოვანი დახმარების მოზიდვას, რომელიც მიიმართება ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაზე.

სამომავლოდ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება საერთაშორისო ფინანსური პრობლემების და გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად. სსფ-ის პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება და ადგილობრივი ვალუტის და ფინანსური სისტემის მიმართ ნდობის შენარჩუნება, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი საგარეო დაფინანსების ფარგლებში, იქამდე, ვიდრე სრულად არ აღდგება საერთაშორისო ბაზრების ხელმისაწვდომობა და ნდობა.

სექტემბრის დასასრულს საქართველოს პოსტკონფლიქტურ პრობლემებს მსოფლიო ბაზრების პრობლემები დაემატა. ნოემბრის თვეში დოლარი გამყარდა ლართან მიმართებით. მას შემდეგ, ეროვნული ბანკი, ზომიერი ინტერვენციების განხორციელებით, ცდილობს მოახდინოს ვალუტის კურსის სტაბილიზაცია. სამომავლოდ, საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა კვალავაც დაეფუძნება ვალუტის თავისუფალ გაცვლით კურსს და რეზერვების საჭირო დონის შენარჩუნებას. ფისკალური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობისკენ და ძირითადი სოციალური და სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაფინანსებისკენ. საერთაშორისო, განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების გულუხვი დახმარების წყალობით (რაც გამოიხატება გამოყოფილი გრანტებისა და შეღავათიანი კრედიტების სახით), მთავრობა იმედოვნებს კაპიტალური ხარჯების ზრდას და არაპროდუქტიული ხარჯების შემცირებას.

მონეტარული პოლიტიკა მიმართული იქნება ინფლაციის დონის შენარჩუნებაზე. ამ მხრივ ყურადღება მიექცევა საპროცენტო განაკვეთის კორექტირებას, სავალუტო გაცვლითი კურსის ლიბერალიზაციის ფონზე.

მთავრობის მზაობა, მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები ეკონომიკური პოლიტიკის გასაძლიერებლად, იქნება ის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი, რამაც მძიმე და გაურკვეველი საერთაშორისო ეკონომიკური კონტექსტის ფონზე ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი წარმატებული განვითარება უნდა უზრუნველყოს“, აღნიშნა ბატონმა კატომ.
სხვა სიახლეები