საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

11 აგვისტო, 2009

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკათან და მოიცავს ფულად–საკრედიტო, სამთავრობო, საბანკო და სხვა სექტორებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო 2007 წლიდან წლიური პერიოდულობით, ხოლო მონაცემთა მწკრივი მოიცავს ინფორმაციას 2005 წლის 31 დეკემბრიდან. 2009 წლიდან საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა გამოქვეყნდება კვარტალური პერიოდულობით.
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და 2009 წლის პირველი კვარტალის ბოლოს –10,6 მილიადრი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1,25–ჯერ აღემატება. მთლიანი აქტივები 2,35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, აქედან 63 პროცენტი სარეზერვო აქტივების, ხოლო 20 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდიოდა.
რაც შეეხება ვალდებულებებს, ანალოგიური პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა თითქმის 13 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16 პროცენტით გაიზარდა, მთლიანი ვალდებულებების ზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანა და თითქმის 7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებებმა 876,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 500 მილიონი აშშ დოლარი, 2008 წლის მეორე კვარტალიდან წარმოიშვა სამთავრობო  ევრობონდების სახით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 29 პროცენტით არის გაზრდილი. აქედან, გრძელვადიანი ვალი 41 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი ვალი 16 პროცენტით შემცირდა. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები გაიზარდა 2,5–ჯერ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების ხარჯზე, და 624,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 25 პროცენტით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში.

სხვა სიახლეები