საბანკო სექტორში უცხოური ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა

საბანკო სექტორში უცხოური ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა

28 ივნისი, 2007
2007 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, უცხოური საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვა არარეზიდენტების მიერ 11 კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალში ჩადებულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 185.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2006 წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 52 მლნ ლარით (39.5 პროცენტი) მეტია, ხოლო  უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მიერ 8 კომერციული ბანკისთვის გახსნილი საკრედიტო ხაზებისა და გამოყოფილი სესხების ოდენობამ 1.151 მლრდ ლარი შეადგინა – 646 მლნ ლარით (128 პროცენტი) მეტი 2006 წლის ანალოგიურ მონაცემზე.    ახლახან, საქართველოს ეროვნულ ბანკში შვილობილი საბანკო დაწესებულების გახსნის განაცხადი წარმოადგინა მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა ჰოლდინგმა HSBC-მა. აღიარებული  საერთაშორისო გამოცემის „ფაინენშელ თაიმსის“ რეიტინგით, HSBC-ჰოლდინგი მეოთხე ადგილზეა 2006 წლის ჯამური აქტივების მაჩვენებლით (1,501,970 მლნ აშშ დოლარი) და მესამეზე კაპიტალიზაციის დონით (195,356 მლნ აშშ დოლარი). იგი უნივერსალური საფინანსო სტრუქტურაა. მისი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. ოპერირებს 82 სახელმწიფოში, სადაც წარმოდგენილია მისი 10 ათასზე მეტი ოფისი. HSBC -ის აქციები ნიუ-იორკის, პარიზის, ჰონგ კონგისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზეა განთავსებული.   საბანკო სისტემაში საინვესტიციო მიმზიდველობას, როგორც წესი, მისი დინამიკური განვითარება განაპირობებს – 2006 წლის შედეგებით, საქართველოს საბანკო სექტორს, რეგიონის სხვა სახელმწიფოებს შორის, ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპი გააჩნდა.
სხვა სიახლეები