S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული  საკრედიტო რეიტინგი ''BB'' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“  გააუმჯობესა

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ''BB'' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

08 აგვისტო, 2026

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას.

S&P განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე და აღნიშნავს, რომ სწორედ საერთაშორისო რეზერვების განგრძობადი ზრდა წარმოადგენს პერსპექტივის გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს. სააგენტოს შეფასებით, რეზერვების ზრდამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა გარე შოკებისადმი მოწყვლადობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ათწლეულის წინ მშპ-ის 10%-ს აღემატებოდა, 2025 წელს ისტორიულ მინიმუმამდე, 2.6%-მდე, შემცირდა. ამასთან, გაგრძელდა ფინანსური დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია. ამ ფაქტორებმა კი ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. შედეგად, 2026 წლის იანვარ-ივნისში წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

S&P ასევე დადებითად აფასებს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოებს და აღნიშნავს, რომ ისინი რეგიონულ კონტექსტში შედარებით გონივრულია, რაც ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აძლიერებს.  სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური მოლოდინების სათანადო დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი განახლებული პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 5.1%, ხოლო ეკონომიკური ზრდა 6.4% იქნება.

სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადობას. მათი შეფასებით, საბანკო სისტემა რჩება კარგად კაპიტალიზებული, მაღალლიკვიდური და მომგებიანი. ამასთან, ეროვნული ბანკის ეფექტიანი მაკროპრუდენციული და საზედამხედველო პოლიტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაში, საბანკო სექტორის მდგრადობის გაძლიერებასა და ფინანსური დოლარიზაციის შემდგომ შემცირებაში.  

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს საბანკო რეგულირების ჩარჩო ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

სხვა სიახლეები