რომან გოცირიძემ აფხაზეთში უკანონოდ მოქმედ საბანკო დაწესებულებებთან 

რუსეთის კომერციული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის საკითხი 

საპარლამენტო კომისიის წინაშე დააყენა

რომან გოცირიძემ აფხაზეთში უკანონოდ მოქმედ საბანკო დაწესებულებებთან რუსეთის კომერციული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის საკითხი საპარლამენტო კომისიის წინაშე დააყენა

03 მაისი, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ 3 მაისს მონაწილეობა მიიღო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომის მუშაობაში, სადაც განიხილეს აფხაზეთში უკანონოდ მოქმედ საბანკო დაწესებულებებთან რუსეთის კომერციული ბანკების არალეგალური თანამშრომლობის საკითხი.   რომან გოცირიძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრებს აფხაზეთის ე. წ. საბანკო დაწესებულებების რუსეთის კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობის აღკვეთის მიზნით საქართველოს  ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო.   საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული პრობლემის მოგვარების  ხელშეწყობის თხოვნით უკვე მიმართა ფინანსური ქმედებების სპეციალურ ჯგუფს (FATF); ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტს (MONEYVAL); დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლებისა და ტერორიზმის დაფინანსების ლეგალიზების საწინააღმდეგო ევრაზიულ ჯგუფს (EAG); რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და რუსეთის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცორიძემ შეხვედრები გამართა აშშ-ის ხაზინის „შავი ფულის“ ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურსა და ფედერალურ სარეზერვო სისტემაში. ამჟამად მზადდება დოკუმენტაცია ამერიკის შეერთებული შტატების დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურ კორპორაციაში გასაგზავნად.     საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, რომან გოცირიძის განცხადებით, „რუსეთის საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის უკანონო საბანკო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხის საერთაშორისო სიბრტყეზე გადატანა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს
სხვა სიახლეები