რომან გოცირიძე „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველად დაინიშნა

რომან გოცირიძე „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველად დაინიშნა

02 ივნისი, 2005
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 მაისის განკარგულებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე საქართველოს მხრიდან „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველად დაინიშნა.  „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს რიგით მეშვიდე შეხვედრასა და „ბიზნეს-დღეს“ 5-6 ივნისს ერევანი (სომხეთი) უმასპინძლებს. ბანკის ტრადიციულ ყოველწლიურ შეხვედრაში სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსები, ბანკირები, ბიზნესმენები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.   ერევანში გამართულ მმართველთა საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მონაწილე ქვეყნების მიერ ბანკის მიმართ თავიანთი ფინანსური ვალდებულებების შესრულების გაცნობა იქნება. საქართველოს დავალიანება 1.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და ამ თვალსაზრისით, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია.  გასულ წლამდე საქართველოს დავალიანება გაცილებით მეტი, 2.3 მლნ აშშ დოლარი იყო, მაგრამ 2004 წლის 6 ივნისს ქ. ტირანაში (ალბანეთი) გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭომ დააკმაყოფილა საქართველოს თხოვნა ბანკის საწესდებო კაპიტალში მისი წილის 2%-დან 1%-მდე შემცირების შესახებ, რის გამოც დავალიანება, შესაბამისად, შემცირდა.„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ ბისეკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის) წევრი სახელმწიფოებისათვის ფინანსური სიძნელეების შემსუბუქების მიზნით ჩამოყალიბდა. მისი შტაბ-ბინა საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მდებარეობს. ხელშეკრულებას ბანკის დაფუძნების შესახებ თბილისში ბისეკის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოეწერა ხელი 1994 წლის 30 ივნისს, ხოლო რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა 1996 წლის 25 დეკემბერს მოახდინა. „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ საწესდებო კაპიტალი განსაზღვრულია 1 მლრდ SDR-ის ოდენობით (დაახლოებით, 2.3 მლრდ აშშ დოლარი). „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“, ჩამოყალიბების საორგანიზაციო და სამართლებრივი სტადიების გავლის შემდეგ, 1999 წლის 1 ივნისიდან ფინანსური ოპერაციების წარმოება დაიწყო.  „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ საქართველოში რამდენიმე, მათ შორის, საქართველოში ექსპორტის განვითარების სადაზღვევო-საკრედიტო სააგენტოსა და ფოთის ნავთობტერმინალის რეკონსტრუქციის პროექტებს ახორციელებს, რომელთა საერთო მოცულობა 18.5 მლნ აშშ დოლარია.
სხვა სიახლეები